საქართველოს მთავრობა

პრემიერი: სამინისტროების საკოორდინაციო ერთეულის შექმნა შტატებს არ გაზრდის

facebook.com/KvirikashviliOfficial

სამინისტროების საკოორდინაციო ერთეული მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე არსებული მონიტორინგის და ანალიზის დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პრემიერის განმარტებით, საკოორდინაციო ერთეული ახალი სტრუქტურა არ არის და საუბარია მხოლოდ უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე.

„არავითარ შემთხვევაში ეს ერთეული არ იქნება პოლიტიკის შემქმნელი და არანაირი დუბლირება სამინისტროებსა და ამ ერთეულს შორის არ იქნება. საუბარია მხოლოდ მაკოორდინირებელ სტრუქტურაზე, რათა სწრაფი რეაგირება მოხდეს სამინისტროებში შესულ განაცხადებზე, ეკონომიკისთვის დაჩქარდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და გაცილებით ეფექტიანი გახდეს მთლიანად მთავრობის მუშაობა", - განაცხადა პრემიერმინისტრმა და აღნიშნა, რომ საკოორდინაციო ერთეულის შექმნა შტატების ზრდას არ გამოიწვევს. 

სპეციალური სამსახურის შექმნა, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების განხორციელების მიმდინარეობას, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, ინვესტორთა საბჭოს შეხვედრაზე დააანონსა.

"ინვესტორებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი შეიცავს მნიშვნელოვან საკითხებს, ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. ახლახან ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს საგადასახადო რეფორმას, ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. მომდევნო დღეებში პრემიერმინისტრის აპარატთან ჩვენ შევქმნით სპეციალურ სამსახურს, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების შესრულებას. რეფორმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბლოკი მოიცავს რეგიონალურ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარებას", - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობის მიერ დასახული მიზნების განხორციელებისთვის აუცილებელია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება.

კომენტარები