საკონსტიტუციო სასამართლო

HRW: საკონსტიტუციოს თავმჯდომარის მიმართ მუქარაზე რეაგირება არ მომხდარა

უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი 2016 წლის ანგარიშის საქართველოს ნაწილში პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის ფაქტებზე წერს. ანგარიშში მოხვდა ენმ-ის რეგიონული ოფისების დარბევის შემთხვევები. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელი სახლის წინ გამართული მიტინგები. Human Rights Watch-ი აღნიშნავს, რომ მოსამართლის მიმართ მუქარა დანაშაულია, თუმცა, პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

"ოქტომბერში, ხელისუფლების მომხრეთა ჯგუფებმა, მათ შორის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლებმა, მიტინგები მოაწყვეს ენმ-ის ოფისების წინ 19 ქალაქში. მათ აჭედეს ან შეადუღეს კარები, დაამსხვრიეს ფანჯრის მინები, წარწერები გაუკეთეს და წითელი საღებავი შეასხეს ენმ-ის ოფისებს. მედიის თანახმად, რამდენიმე მიტინგისა თუ დარბევის დროს, ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლები, მაგრამ მათ ინციდენტები არ აღუკვეთავთ. ამ ჯგუფური თავდასხმების შემდეგ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯაროდ უწოდა ენმ-ს „კრიმინალური ორგანიზაცია", ხოლო პარტიის წინააღმდეგ „აგრესიას" „ბუნებრივი" უწოდა. ზოგი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ღარიბაშვილის კომენტარები, ფაქტობრივად, ძალადობის წახალისება იყო. ენმ-ის ოფისებზე თავდასხმები ინტერნეტით ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მოჰყვა, რომლებშიც ნაჩვენები იყო 2011 წელს, ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ციხის თანამშრომლების მიერ ორი პატიმრის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობა. ვიდეოები მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც სოციოლოგიურმა კვლევამ მმართველი ქართული ოცნების კოალიციის მომხრეთა მნიშვნელოვანი კლება აჩვენა; ამან ენმ-ს საფუძველი მისცა, ემტკიცებინა, რომ ამ ვიდეოების გავრცელება ხელისუფლების ხელშეწყობით მოხდა, რათა საზოგადოებას ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა" - წერია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ 18 ოქტომბერს, ხელისუფლების მომხრეებმა ამ ვიდეოჩანაწერების ღია ცის ქვეშ ჩვენება თბილისისა და ზუგდიდის ცენტრში მოაწყვეს და მასში მმართველი კოალიციის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. Human Rights Watch-ი წერს, რომ საჯარო ჩვენებები საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაგმეს.

"სექტემბერში კი, ხელისუფლების მხარდამჭერთა ჯგუფებმა მრავალი მიტინგი მოაწყვეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საცხოვრებელი სახლის წინ. ისინი აპროტესტებდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, ემუქრებოდნენ თავმჯდომარესა და მის ოჯახს და პომიდვრებს და კვერცხებს უშენდნენ მის სახლს. საქართველოს კანონმდებლობით, მოსამართლის დაშინება სისხლის სამართლის დანაშაულია, ხოლო მოსამართლის საცხოვრებელი სახლის წინ მიტინგის მოწყობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. ოქტომბერში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხელისუფლებას მუქარების შესახებ აცნობა, მაგრამ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია" - ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები