საქართველოს მთავრობა

ბოკერია: ღარიბაშვილი მარიონეტია, მისი გამოცვლა ვერაფერს ვერ მოუტანს ქვეყანას

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, "ირაკლი ღარიბაშვილის გამოცვლა, მისი გადაყენება ვერაფერ სასიკეთოს ვერ მოუტანს ჩვენს ქვეყანას". ბოკერია პრემიერის შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილებაა". მისი თქმით, იმაზე, ვინ მართავს ქვეყანას, გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს ქართველი ხალხი და არა ერთპიროვნულად ოლიგარქი.

"დღეს დილიდან ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, გამოცვალოს პრემიერმინისტრი, როგორც მინიმუმ, ამ გადაწყვეტილების ზღვარზე დგას. ეს დაადასტურა საჯაროდ ქართული ოცნების ფრაქციის ლიდერმა. ერთის მხრივ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ამ უმძიმესი კრიზისის ფონზე, როდესაც ხალხი გაღარიბდა, ლარი დაეცა, უმუშევრობა და კრიმინალი გაიზარდა, არანაირი ხედვა არ აქვს ამ მთავრობას მომავლის, პრემიერმინისტრი და მისი კაბინეტი გადადგეს. იმიტომ, რომ სწორედ ამ მთავრობის პოლიტიკამ შეგვიყვანა უმძიმეს კრიზისში და დაგვაყენა უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ, ამავე დროს, ძალიან კარგად ვიცით, რომ ღარიბაშვილი არის უბრალო მარიონეტი, რომ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი, ის არის ერთპიროვნული მმართველი. სწორედ მან შექმნა ის პოლიტიკა, რომელმაც ამ უმძიმეს ვითარებაში ჩააყენა ქვეყანა, ამიტომ ღარიბაშვილის გამოცვლა, მისი გადაყენება ვერაფერ სასიკეთოს ვერ მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ერთადერთი და აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ქვეყანა ამ უფსკრულისკენ მომავალი გზიდან გადმოვიყვანოთ და კრიზისიდან მისი გამოყვანა დავიწყოთ, არის ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილება ხელისუფლებიდან და ამის დემოკრატიული პროცედურა არის არჩევნები. ვინ იქნება საქართველოს პრემიერმინისტრი, ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალზე ახდენს გავლენს, ამ გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს არა ერთპიროვნულად ოლიგარქი, რომელმაც თვითონ შეგვიყვანა ამ კრიზისში, არამედ ამ გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს ქართველი ხალხი არჩევნების გზით. ჩვენს ქვეყანას სჭირდება მთავრობა, რომელსაც აქვს რწმენა, კომპეტენცია და მომავლის ხედვა, რომელიც დაწევს გადასახადებს, შეამცირებს ბიუროკრატიას, რეგულაციებს, გაზრდის პენსიებს და, რაც მთავარია, დააბრუნებს ქვეყანაში ანგარიშვალდებულებას, რომ ქვეყანას ეყოლება მთავრობა, რომელიც მან აირჩია. ივანიშვილმა, რომელმაც 2012 წელს მიიღო მანდატი ამ ხალხის, რომელმაც გადააგდო ქართველი ამომრჩეველი, ეს მანდატი ფაქტობრივად უკვე დაკარგა", - განაცხადა ბოკერიამ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას დატოვებს. ამის გარდა, საუბარია მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებზე. მთავრობის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე ინფორმაციას უარყოფს.

კომენტარები