თბილისის საქალაქო სასამართლო

ქმრის და შვილის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მ.პ-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. წინასასამართლო სხდომა 10 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულის მტკიცებით, მას პოლიციელები ხელებზე და თავზე სცემდნენ. კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვინ სცემდა, მ.პ-მ უპასუხა, რომ "ამოვიცნობ, სახელი და გვარები არ ვიცი".

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ადვოკატის თქმით, საქმეში მართლაც დევს ცნობა, რომ ბრალდებულს დაზიანებები აქვს და ის 20 დეკემბერს სტაციონარშიც იყო მოთავსებული. მოსამართლემ პროკურატურას მიმართა, რომ ბრალდებულის განცხადებით დაინტერესდნენ.

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სსკ-ის ეს მუხლი 20-წლამდე ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა, მ.პ-ს დაკითხვაზე გადაყვანიდან მალევე შსს-მ საქმე "ცხელ კვალზე გახსნილად" გამოაცხადა და თქვა, რომ ბრალდებული ქმრის და შვილის მკვლელობას აღიარებდა. მოგვიანებით, შსს-მ განმარტა, რომ მ.პ-მ გამოძიებას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცა.

კომენტარები