საქართველოს მთავრობა

პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ხალხის საკადრისი ხელისუფლება ვიყოთ

დიახ, ჩვენ ყველას გვინდა, კარგად ვცხოვრობდეთ დღესვე, მაგრამ ყველაზე მეტად გვინდა, რომ ჩვენ მიერ გამოვლილი განსაცდელების და ტრაგედიებისგან დავაზღვიოთ ჩვენი შვილები, მომავალი თაობა, გავძლიერდეთ რეალურად და არა ცხრილებსა თუ რაღაც პროპაგანდისტულ კამპანიებში. შრომის პროცესი არ არის სენსაცია, ის ყოველთვის არ ხვდება ტელევიზიებში, მედიაში და ხშირად თვით შრომის შედეგებიც უცნობია ჩვენი მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვახსოვს სატელევიზიო მითებზე დაფუძნებული ხელისუფლება და ჩვენ ამაზე უარი ვთქვით, რადგან ქართული საზოგადოება აღარაა თანახმა, ილუზიებში იცხოვროს. მჯერა, რომ დღეს ჩვენი ხალხი ხედავს და ხვალაც დაინახავს ამ რეალობას, რომ სწორი გზით მივდივართ ჩვენი და ჩვენი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღისკენ. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ხალხის საკადრისი ხელისუფლება ვიყოთ. ჩვენ გვაქვს რწმენა და ენერგია, მომავლის მკაფიო ხედვა. ჩვენ გვამოძრავებს ერთადერთი ამბიცია - რომ როდესაც წლების შემდეგ ჩვენ საქმეებს გაიხსენებენ, თქვან, რომ ყველაფერი გავაკეთეთ დიდი ნდობისა და ამ პატივის გასამართლებლად - ჩვენი ნიჭიერი, ღირსეული და ამაყი ხალხის თავდაუზოგავი მსახურებისთვის.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, თბილისის საკრებულოში, მთავრობის მუშაობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას.

კომენტარები