ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში

სასჯელაღსრულება CPT-ზე: 2012 წლის შემდეგ, ციხეებში ძირეული რეფორმები გატარდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) 2012 წელს საქართველოში ვიზიტის შემდეგ, სამინისტრომ ძირეული რეფორმები გაატარა, "რათა შიშსა და არაადამიანურ მოპყრობაზე დამყარებული სისტემა ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებულ ინსტიტუტად გარდაექმნა". კერძოდ, სამინისტროს მტკიცებით, აღმოიფხვრა პატიმართა წამების და არასათანადო მოპყრობის სისტემური პრობლემა; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, ბრალდებულთათვის მინიმალური ფართი გაიზარდა 4 კვ.მ-მდე; გაიზარდა პაემნების რაოდენობა და გაფართოვდა გარესამყაროსთან ურთიერთობის შესაძლებლობა; ორჯერ გაიზარდა პენიტენციარული ჯანდაცვის ბიუჯეტი.

"შედეგად, პატიმართა სიკვდილიანობა 144 შემთხვევიდან (2011წ.) 12 შემთხვევამდე შემცირდა (2015). შთამბეჭდავი შედეგებია ტუბერკულოზის მკურნალობის მხრივ, ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების რაოდენობა წელიწადში 601 შემთხვევიდან (2012წ.) 49 შემთხვევამდე შემცირდა (2015წლის ოქტომბერი); C ჰეპატიტისგან განკურნების მაჩვენებელი 90%-ზე მაღალია; მნიშვნელოვნად გაიზარდა ფსიქო-სოციალური და სხვა სარეაბილიტაციო პროგრამების რაოდენობა; გაუმჯობესებულია გარე და შიდა მონიტორინგის სისტემა; სამინისტრო ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მართვის სისტემაზეა გადასული. ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი (CPT) ახორციელებს პერიოდულ (ჩვეულებრივ, 4 წელიწადში ერთხელ, თუმცა, აუცილებლობის შემთხვევაში ხორციელდება დამატებითი საგანგებო ვიზიტები) ვიზიტებს თავისუფლების შეზღუდვის/აღკვეთის დაწესებულებებში, კომიტეტის დელეგაციის წევრები სარგებლობენ დაწესებულებებში შეუზღუდავი შესვლისა და გადაადგილების უფლებით. ისინი პირადად ესაუბრებიან თავისუფლებააღკვეთილ პირებს და, ასევე, თავისუფლად უკავშირდებიან ნებისმიერ პირს, ვისაც შეუძლია ინფორმაციის მიწოდება. ვიზიტის შემდგომ, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი შესაბამის სახელმწიფოს უგზავნის დეტალურ ანგარიშს, რომელშიც მოცემულია კომიტეტის მიერ მოპოვებული მონაცემები, მისი რეკომენდაციები, შენიშვნები და მოთხოვნები და მოითხოვს, ასევე, დეტალურ პასუხს ანგარიშში დასმულ საკითხებზე", - აცხადებს სამინისტრო.

ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. დელეგაცია საქართველოში 2014 წლის 1-დან 14 დეკემბრამდე იმყოფებოდა. დელეგაცია საქართველოში რამდენიმე საპატიმრო დაწესებულებას დააკვირდა. ანგარიშის თანახმად, პატიმრებს არაადამიანურად და დამამცირებლად ეპყრობიან. საუბარია, მათ შორის, "მისასალმებელი ცემის" ფაქტებზეც, რომელიც ახალი პატიმრების მიმართ ხორციელდება და სახეში დარტყმასა და წიხლებით ცემაში გამოიხატება. CPT-ის ანგარიშის თანახმად, ციხეებში ე.წ. კანონიერი ქურდები და "მაყურებლები" კვლავ არიან. საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგოს კომიტეტის ანგარიშში დაპატიმრებული ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებაც არის საუბარი. როგორც დოკუმენტში წერია, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას პატიმრობის პირობები უთანაბრდება არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. როგორც ცნობილია, ისინი #9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვზე იმყოფებიან. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში საპატიმროებს 2014 წლის 1-დან 14 დეკემბრამდე აკვირდებოდა.

კომენტარები