ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში

CPT: უგულავა, მერაბიშვილი და ახალაია არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან

საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგოს კომიტეტის ანგარიშში დაპატიმრებული ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებაც არის საუბარი. როგორც დოკუმენტში წერია, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას პატიმრობის პირობები უთანაბრდება არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. როგორც ცნობილია, ისინი #9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვზე იმყოფებიან. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში საპატიმროებს 2014 წლის 1-დან 14 დეკემბრამდე აკვირდებოდა.

"პატიმართა გარკვეული რაოდენობა(განსაკუთრებით თბილისის #7, #9 და ბათუმის დაწესებულებებში) ამბობდა, რომ ისინი თვეების და მეტიც, წლების მანძილზე არიან სამარტოო საკანში გარე სამყაროსთან კავშირის, პაემნების და სატელეფონო ზარების განხორციელების, ასევე რადიოსა და ტელევიზორის გარეშე და ექვემდებარებიან უწყვეტ ვიდეოკონტროლს კამერებში. როგორც ჩანს, ეს ხორციელდება რთული და წესრიგის დამრღვევი პატიმრების მიმართ, მაგრამ აგრეთვე იმ მიზნით, რომ დაპატიმრებულებმა ითანამშრომლონ გამოძიებასთან - მაგალითად, ყოფილი მაღალჩინოსნების შემთხვევაში. ბაჩო ახალაიამ ამ პირობებში 2 წელი გაატარა, ვანო მერაბიშვილმა 18 თვე, ორივე შემთხვევაში მათი რეჟიმი იყო მკაცრი. გიგი უგულავას მიმართ პირობები იყო ყველაზე მკაცრი და ეს შესაძლოა, ჩაითვალოს, ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრის ფსიქიკური აშლილობისთვის გამიზნულ ქმედებად", - წერია დოკუმენტში.

წამების კომიტეტის აზრით, აღნიშნულ პირობებში პატიმრების ყოფნა შეიძლება ჩაითვალოს, როგორც არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობად. კომიტეტი შეშფოთებულია, რომ ასეთ პირობებში პატიმრების განთავსების ნათელი, გამჭვირვალე კრიტერიუმები არ არსებობს. "საერთო ჯამში, შთაბეჭდილება, რაც პატიმრების და დელეგაციის შეშფოთებას იწვევს, თვითნებობაა. კომიტეტი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს აღნიშნული პრაქტიკა, გადახედოს წესებსა და პოლიტიკას", - წერია ანგარიშში.

კომენტარები