ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში

CPT: საქართველოს ციხეებში პატიმრებს ე.წ. მისასალმებელი ცემით ხვდებიან

საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიშში საპატიმროებში ე.წ. მისასალმებელი ცემის(კარანტინი) ფაქტებზეა საუბარი, რომელიც ახალი პატიმრების მიმართ ხორციელდება და სახეში დარტყმასა და წიხლებით ცემაში გამოიხატება. დელეგაცია საქართველოში 2 კვირის მანძილზე აკვირდებოდა საპყრობილეებს. ანგარიშში პატიმრების მიმართ სხვა არაადამიანურ და დამამცირებელ ფაქტებზეცაა საუბარი.

"გლდანის ციხესთან დაკავშირებით საუბარია "მისასალმებელ ცემაზე", რომელიც ახალი პატიმრების მიმართ ხორციელდება და სახეში დარტყმასა და წიხლებით ცემაში გამოიხატება. დელეგაციას ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, 2014 წლის 12 ნოემბრის ინციდენტის შესახებ, როდესაც ორი პატიმრის მიმართ აღკვეთის ოფიცრების მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები დაფიქსირდა. იყო ასევე სარწმუნო ბრალდებები გლდანის საპყრობილეში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ.

რაც შეეხება ბათუმის #3 დაწესებულებას, დელეგაციამ მიიღო დეტალური და სარწმუნო ინფორმაცია, რომ დამკავებელი პერსონალი უკვე ბორკილებდადებულ პატიმრებს სახეში მუშტებს ურტყამს, ასევე სხეულზე წიხლებს. ასევე დელეგაციამ მიიღო ინფორმაცია და დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ პატიმრებს ბორკილები ზედმეტად ხანგრძლივად ეკეთათ. "მისასალმებელი ცემის" ფაქტები ბათუმის საპყრობილეშიც დაფიქსირდა. წამების კომიტეტს ესმის, რომ ციხის მენეჯმენტსა და პერსონალს აგრესიულ პატიმრებთან უწევთ შეხება და არც აქვთ შესაბამისი ტრენინგები გავლილი, რათა მაღალრისკიან სიტუაციებს გაუმკლავდნენ და მათგან ერთადერთი საპასუხო რეაქცია ფიზიკური გამკლავება და დაშინებაა", - წერია დოკუმენტში.

კომენტარები