ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეელებს მათი ლიდერის მსგავსი ვარცხნილობის ტარება დაევალათ

Reuters

ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს მორიგი ახირება აქვს. ამჯერად სამიზნეებად ის მოქალაქეები იქცნენ, რომლებიც გრძელ თმას ატარებენ. ამიერიდან მამაკაცებს კიმ ჩენ ინის მსგავსი სტილის მორგება მოუწევთ, ქალებს კი მისი მეუღლის, ლი სოლ ჩჟუს ვარცხნილობის. The Telegraph, ფხენიანიდან სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ მამაკაცებს 2 სანტიმეტრზე მეტი სიგრძის თმის ტარება აეკრძალებათ.

მოქალაქეებს განუცხადეს, რომ მსგავსი სტილის მორგება მათი მხრიდან კიმ ჩენ ინის პატივისცემის გამომხატველი იქნება.

გამონაკლისები მხოლოდ მსახიობები იქნებიან, მათ ნებისმიერი ვარცხნილობის მორგების პრივილეგია მიენიჭებათ.

სამხრეთკორეული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოკორეულ უნივერსტეტებში უკვე გამოჩნდნენ მაკრატელმომარჯვებული მეთვალყურეები, რომლებიც კანონდამრღვევებს თმის სტილს ადგილზე უსწორებენ.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ კიმ ჩენ ინი თავისი ბაბუის, ჩრდილოეთ კორეაში ავტორიტარული რეჟიმის დამამყარებლის, კიმ ირ სენის მიბაძვას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ახლო წარსულში სხვადასხვა წყარო ავრცელებდა ინფორმაციას, რომ კიმ ჩენ ინმა პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა, რათა ბაბუას დამსგავსებოდა.

კომენტარები