ტერორიზმი

სასამართლო: თავისუფლებაში ყოფნისას, ბორჩაშვილი შესაძლოა გამოძიებას მიმალვოდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ტერორიზმში ბრალდებული დავით ბორჩაშვილი თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში, გამოძიებასა და სასამართლოს მიმალვოდა. ბორჩაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

"ვინაიდან სასამართლოში ბრალდებულის წარმოუდგენლობის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო და არა სურვილი არგამოცხადების, სასამართლომ გასვლითი სხდომა სს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გამართა. სასამართლომ დახურულ სხდომაზე განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, ვინაიდან დ. ბორჩაშვილს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12-15 წლამდე წლამდე ვადით. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში, ის შესაძლოა მიემალოს გამოძიებასა და სასამართლოს, განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა და ხელი შეუშალოს საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას", - აცხადებს სასამართლო და აღნიშნავს, რომ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 13 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის ბრალდებით დავით ბორჩაშვილი 21 ნოემბერს დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას ან ხელმძღვანელობას, ანდა მასში მონაწილეობას გულისხმობს. საქართველოში დაბრუნებისას ბორჩაშვილი სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ თურქეთში გააბრუნეს. თურქმა სამართალდამცველებმა დეპორტირებული დავით ბორჩაშვილი ისევ უკან გამოუშვეს, რის შემდეგაც ის საქართველოში დააკავეს.

დღეს საქალაქო სასამართლოში ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დაკავებული სხვა პირების სასამართლოც გაიმართა. აიუფ ბორჩაშვილისა და კიდევ სამი პირის პროცესი ნაწილობრივ დახურული იყო. დაბაზი დაატოვებინეს კამერებსა და პანკისის მცხოვრებლებს. დღევანდელ პროცესზე მოწმეები დაკითხეს.

აიუფ ბორჩაშვილი და კიდევ სამი პირი 14 ივნისს ისლამურ სახელმწიფოში გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებებით დააკავეს. აიუფ ბორჩაშვილს ბრალი ედება სკოლის მოსწავლეების, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის გადაბირებასა და სირიაში გაგზავნაში. აიუფ ბორჩაშვილის ადვოკატი, დავით ბორჩაშვილის მსგავსად, გელა ნიკოლაიშვილია. ნიკოლაიშვილის თქმით, დავით და აიუფ ბორჩაშვილები ნათესავები არ არიან და მათ საერთო აქვთ ის, რომ ორივე სოფელ ჯოყოლოს მკვიდრია.

კომენტარები