"ივანიშვილი არის დასამხობი" - თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას ამ ფრაზის გამო სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.
27 მარტს პროკურატურამ ახალაიას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების მუხლით ბრალდება წარუდგინა.
"გამოძიებით დადგენილია, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე, ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას საჯაროდ მოუწოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ.
ბაჩანა ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." - ეწერა უწყების გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალაიამ წარმოთქვა ფრაზა "ივანიშვილი არის დასამხობი", ამ ფრაზის გამო იმავე დღეს დაიწყო სუს-მა გამოძიება.
ჩანაწერი, სადაც ახალაიას ეს სიტყვები ისმის, სოციალურ ქსელში მისმა ცოლმა, ანა ნადარეიშვილმა გაავრცელა.
"მე ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი, დასამხობია ყველა შესაძლო გზით. თუ დასჭირდება ძალა, დასამხობია ძალით, ივანიშვილთან ერთად დასამხობია რუსული საცეცები, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით საქართველოში.
ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც უკვე 200 წელზე მეტია გვამყოფებს რუსეთი. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ, აუცილებლად დავამხობთ." - ამბობს ახალაია ჩანაწერში.




