ტერორიზმი

ნაკაიძე ISIS-ის ვიდეოზე: ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხის შემცველია

ტაბულა

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილის ტარიელ ნაკაიძის შეფასებით, ISIS-ის ქართულენოვანი ტერორისტების გავრცელებული ვიდეო "ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხის შემცველია ვიდეოა, თავისი მოწოდებებით, თავისი ინტერპრეტაციებით, თავისი მიდგომებით და ზოგადად, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე". ნაკაიძემ ტაბულასთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ხვიჩა გობაძე, რომელიც ვიდეომიმართვაში საქართველოს მოქალაქეებს ემუქრება, ბათუმში ცხოვრობდა და მეჩეთშიც ხშირად დადიოდა. მისივე აზრით, გამოსაკვლევია მიზეზები, რატომ უერთდებიან ქართველი ახალგაზრდები ტერორისტულ ორგანიზაციას.

"აღმაშფოთა წმინდა წერილის ყურანის აიების ციტირებებმა, რომლებიც სათავისოდ აქვთ ძალიან ოსტატურად გამოყენებული. დამოკიდებულება, ზოგადად არსებული სიტუაცია, რომელიც არის უფლებრივად საქართველოში, მდგომარეობა, რომელზეც ხშირად გვისაუბრია და ვსაუბრობთ, ძალიან ოსტატურად მიმანიშნებელია იმაზე, რომ "შენ არ ხარ დაცული, შენს უფლებებს არ უცავს სახელმწიფო, შენ გზღუდავს" და ა.შ. აქედან გამომდინარე, საკმაოდ სერიოზულად იყენებენ ამ დამოკიდებულებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ აიებს მიეცეს სწორი ინტერპრეტირება, რომელიც განსაზღვრავს, რომ ისლამი არ არის ძალადობის რელიგია. ამ აიებში არ არის მითითება, რომ "მოკალი ვინმე, გაანადგურე ვინმე" და ა.შ. ასეთი რამ არ არსებობს. ყურანის ერთ-ერთ აიაში ასე ეუბნება შუამავალს, რომ - "უთხარი მათ შენ, მე არ ვეთაყვანები იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით, თქვენ არ ეთაყვანებით იმას, რასაც მე ვეთაყვანები. თქვენი რელიგია თქვენ, ჩემი მე" - ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ იყავით თქვენ ის, რაც თქვენ ხართ. ის, რომ "რაკი თქვენ ურწმუნოები ან სხვა რელიგიის მიმდევრები ხართ, ამიტომ უნდა გაგანადგუროთ, მოგკლათ, თავი მოგჭრათ" - პრაქტიკულად არ არის ხსენებული ყურანში და ამ კონტექსტში არც ერთი აია არ არი წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ დამოკიდებულებები, მიმართულებები და ინტერპრეტაციები, რომლებიც მათ აწყობთ, არის ისე გამოყენებული... აქ არ არის მიმართვა მხოლოდ სხვა რელიგიის წარმომადგენლებზე, მიმართვა არის იგივე მუსლიმებზე, რომლებიც რადგან მათ რიგებში არ ვართ, მათი აზრით, ჩვენ არ ვართ მორწმუნეები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში თუ რამე ვიდეო გავრცელდა აქამდე, ეს ვიდეო ერთ-ერთი სერიოზული საფრთხის შემცველია ვიდეოა, თავისი მოწოდებებით, თავისი ინტერპრეტაციებით, თავისი მიდგომებით და ზოგადად, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე" - ამბობს ნაკაიძე.

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, ახალგაზრდების საბრძოლველად წასვლის მიზეზები საკვლევია. მისი თქმით, მიზეზების ნაწილია ქვეყანაში არასამართლებრივი დამოკიდებულება, ასევე, სოციალური მდგომარეობა, განათლების ნაკლებობა და სხვ.

"ჩვენ ყოველთვის აქცენტებს ვაკეთებთ მაშინ, როდესაც გვაქვს შედეგი - ან აფეთქდება, ან ვიღაც წავა, ან მუქარას გამოგზავნის. ნაკლებად ვსაუბრობთ მიზეზებზე, როცა გვაქვს პრობლემები. გამოსაკვლევია მიზებები. მიზეზების ნაწილი, რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში არსებული არასამართლებრივი დამოკიდებულება, თუნდაც, ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები, მოხის მეჩეთის გადაცემასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს ღორისთავმიკრულ სასწავლებელში შესვლა, ანუ მთელი ეს რიგი საკითხები კომპლექსურად რომ გაიაზრო, საკმაოდ სერიოზული პრობლემა და ერთ-ერთი მიზეზია. ასევე სხვა დანარჩენიც, საგანმანათლებლო საკითხები, სოციალური მდგომარეობა ერთ-ერთი მიზეზია" - ამბობს ნაკაიძე და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მიზეზებზე საუბარი.

"მაქსიმალურად, განსაკუთრებით მუსლიმი მრევლი და წინამძღვრები უნდა ჩაერთონ პროცესში არა აღშფოთებებით, არამედ, პრაქტიკულად, რისი გაკეთება შეუძლიათ. თუ აქამდე ჰქონდათ ურთიერთობა ორი საათი, ახლა მთელი დღე უნდა ჰქონდეთ და ახსნან, რა არის ისლამი და რა - ტერორიზმი. მე დიდი იმედი არ მაქვს, რომ ასე მოხდება, რადგან მუსლიმთა სამმართველო დიდად არ აკმაყოფილებს ამ მოწოდებებს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ავუხსნათ ახალგაზრდებს ისლამის რაობა" - თქვა ნაკაიძემ.

ISIS-ის ქართულენოვანმა ტერორისტებმა მუქარის ვიდეო დღეს გაავრცელეს. ვიდეორგოლში ოთხი მებრძოლი ჩანს, რომელთაგან მხოლოდ ორი მეტყველებს და საქართველოს მოქალაქე მუსლიმებს მოუწოდებენ ე.წ ხალიფატს შეუერთდნენ. 

კომენტარები