ტერორიზმი

ტერორიზმის მუხლით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ბრალი კლინიკაში წარუდგინეს

ტერორიზმის მუხლით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ბრალი ოფიციალურად, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში წარუდგინეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას ან ხელმძღვანელობას, ანდა მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დავით ბორჩაშვილის ადვოკატების თქმით, საქმეში მხოლოდ გუშინ გავრცელებული ვიდეოები დევს და დაკავებული აღიარებს, რომ ამ ვიდეოებზე ის ნამდვილად არის, თუმცა არა ისლამური სახელმწიფოს წევრებთან ერთად. ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ვიდეო თურქეთის საზღვართანაა გადაღებული, იმ დროს, როდესაც ისლამური სახელმწიფო საერთოდ არ იყო აღიარებული ტერორისტულ ორგანიზაციად.

დავით ბორჩაშვილი ამ დრომდე რჩება კლინიკაში. მას ოპერაციას სავარაუდოდ ხვალ გაუკეთებენ. დაკავებულის ოჯახის წევრები მის უდანაშაულობაზე საუბრობენ და ისლამურ სახელმწიფოსთან რაიმე კავშირს გამორიცხავენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის ბრალდებით დავით ბორჩაშვილი 21 ნოემბერს დააკავა. ცნობილი გახდა, რომ საქართველოში დაბრუნებისას ის სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს. თურქმა სამართალდამცველებმა დეპორტირებული დავით ბორჩაშვილი ისევ უკან – საქართველოში გამოუშვეს, რის შემდეგაც ის საქართველოში დააკავეს.

კომენტარები