სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობა უცხოელი ინვესტორებისთვის კვლავ არამიმზიდველ დარგად რჩება

apma.ge

2015 წლის პირველ ნახევარში $530 მილიონის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) შემოვიდა. თუმცა მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებულ სოფლის მეურნეობაში $9 მილიონი ჩაიდო, ეს ინვესტიციების მხოლოდ 1.6%-ს შეადგენს. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულად დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ითვლება, რის გამოც ის დასაქმების უმსხვილესი სექტორია. ინვესტიციების მოცულობით კი, სხვა დარგებს შორის სოფლის მეურნეობა მერვე ადგილზეა. 

2014 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 4.6% შეადგინა, სოფლის მეურნეობაში კი ეს ზრდა 2.8-ჯერ ნაკლები, 1.6% იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი განვითარების ტემპით სამშენებლო სექტორს რვაჯერ, ხოლო საფინანსო სექტორს 5-ჯერ ჩამორჩებოდა. ამის მიუხედავად, მთავრობა სოფლის მეურნეობის პროექტებში აქტიურად მონაწილეობს, მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის სამწლიანი პროექტის ფარგლებში სულ 200 მილიონ ლარზე მეტი ჩადო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი კი 2011 წელთან შედარებით დაახლოებით ექვსჯერ არის გაზრდილი, თუმცა ბიუჯეტის ეს ზრდა სექტორის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვნად არ ასახულა. 

სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ხელი საკანონმდებლო ცვლილებებმაც შეუშალა. უცხოელებისთვის სასოფლო სამეურნეო მიწის შესყიდვაზე მორატორიუმი დაწესდა, უცხოელებს საქართველოში მიწების ყიდვა აეკრძალათ. მოგვიანებით კი საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ცვლილება ადამიანის უფლებების შემლახავად ცნო და გააუქმა. პარლამენტმა მორატორიუმის გაუქმების შემდეგ ახალ რეგულაციაზე დაიწყო მუშაობა, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში მიწის შესყიდვისთვის კომლში შესვლას ავალდებულებდა.

სოფლის მეურნეობის სფეროს კომერციალიზაციისათვის მნიშვნელოვანია დიდი ზომის მეურნეობების არსებობა (50 ჰა და მეტი), თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, მეურნეობების ძირითადი ნაწილი, 85% მცირემიწიანია და მათი ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლებს შეადგენს. სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის ურბანიზაციის ზრდა და დიდი მეურნეობების შექმნაა მნიშვნელოვანი.

კომენტარები