რუსთავი 2-ის საქმე

კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს

მანანა კობახიძე
ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ საპასუხო განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს. სასამართლო დღევანდელ განცხადებაში დაუყოვნებლივი ნორმის შეჩერებაზე გადაწყვეტილების "ფორსირებულად" მიღებასთან დაკავშირებით კობახიძის შენიშვნას არ დაეთანხმა, თავად კობახიძის 2006 წლის სარჩელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის მაშინ 15 დღეში განიხილეს. როგორც სასამართლო განმარტავდა, თითოეულ საქმეზე მსჯელობენ იმ ვადაში, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად და ვადები განსხვავებულია სასამართლოს წინაშე წამოჭრილი საკითხის სირთულის, მნიშვნელობისა და აქტუალობის გათვალისწინებით.

"საკონსტიტუციო სასამართლომ პასუხად გააკეთა განცხადება, რომელიც შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს. მადლობა ბატონ გიორგი პაპუაშვილს, რომ საზოგადოებას და ნაციონალურ მოძრაობას შეახსენა, რომ ჩემს საადვოკატო პრაქტიკაში ონისე მებონიას საქმე ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საქმე იყო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს არასწორად აქვს მითითებული მთელი რიგი გარემოებები. კერძოდ, ონისე მებონიას სარჩელი 2006 წელს 11 ივლისს შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ საქმეში გადაწყვეტილება გამოვიდა 2006 წლის 15 დეკემბერს. ძალიან მაინტერესებს, რომელი არითმეტიკული ფორმულით დათვალა სასამართლომ, რომ 2006 წლის 11 ივლისიდან 15 დეკემბრამდე არის 15 დღე. როგორც ჩანს, ასე ითვლიან. ასეთი არითმეტიკა აქვთ. ეს ჩვენი პრობლემა არ არის. ერთი რამ ცხადია - ვიმეორებ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც რუსთავი 2-ის სარჩელზე იქნა მიღებული სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით, ნამდვილად უპრეცედენტოა, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში არ მოიძებნება საქმე, როდესაც სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება ისე, რომ მოპასუხე მხარეს, პარლამენტს არ მოუსმინა, არ დაინტერესდა, რა არგუმენტები ჰქონდა კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოს", - ამბობს კობახიძე.

როგორც კობახიძე თვლის, ჩნდება ეჭვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ცრუ ფაქტებზე დაყრდნობით ცდილობს, გაამართლოს ქმედება, რომ ინფორმაციაც არ მიაწოდა საკანონმდებლო ორგანოს. "ამაში საკონსტიტუციო სასამართლოს საეჭვო დაინტერესება იკვეთება", - ფიქრობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსთავი 2-ის ადვოკატების სარჩელი განიხილა და დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2 ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ვერ აღსრულდა. რუსთავი 2-ის ადვოკატები ყველა ინსტანციის გავლას აპირებენ.

კომენტარები