საპოლიციო გამოსახლება

BAG: საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმება ზღუდავს მესაკუთრეთა უფლებას

საპოლიციო გამოსახლების გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნესასოციაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საქართველოს ბიზნესასოციაციის აზრით, "პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ სრულად იქნა იგნორირებული არასამთავრობო სექტორისა და საფინანსო ინსტიტუტების არგუმენტები და კრიტიკული პოზიცია ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებით". ასოციაციის შეფასებით, პროექტი დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად ზღუდავს მესაკუთრეთა უფლებას - ეფექტურად დაიცვან თავიანთი საკუთრება უკანონო ხელყოფისაგან და ხელშეშლისაგან.

"შემოთავაზებული ცვლილებებით კნინდება უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის როლი და რეესტრის სისწორის პრეზუმფცია, რადგან მიუხედავად საკუთრების რეგისტრირებული უფლებისა, ყოველ სადავო შემთხვევაში, მესაკუთრე იძულებული გახდება თავისი უფლების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ეს კი დაკავშირებულია გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - დროსთან. ცვლილებები ნეგატიურად აისახება უძრავი ქონების ბაზარზეც, გააძვირებს იპოთეკურ სესხებს და გაართულებს მათზე ხელმისაწვდომობას. ინიცირებული ცვლილებების პაკეტი სირთულეების წინაშე აყენებს არა მარტო ბიზნესს, არამედ უძრავი ქონების მესაკუთრე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც თავის საკუთრებას ფინანსური სარგებლის მისაღებად იყენებს. საერთო ჯამში კი, ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება ქვეყანის რეიტინგზე საკუთრების უფლების დაცულობის მხრივ; სწორედ იმ საკუთრების უფლებისა, რომლის გარანტიც სახელმწიფოა და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარე, ვალდებულია შექმნას და შეინარჩუნოს ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ეფექტურ დაცვას, რაც თავის თავში ბუნებრივად მოიცავს საკუთრების უფლების განხორციელებისათვის ხელშეშლის აღკვეთის ეფექტური მექანიზმების არსებობასაც", - აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაცია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა გუშინ მეორე მოსმენით განიხილა. როგორც გუშინდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა პაატა კიკნაველიძემ განმარტა, ინიცირებულ პროექტში შეიცვალა ის, რომ თუკი პირი სხვის საკუთრებაში თვითნებურად არის შეჭრილი და ფაქტი დადგენილია, ასეთ შემთხვევაში პოლიციას ექნება უფლება, ის სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე გამოასახლოს. ყველა სხვა შემთხვევაში გამოსახლებას სასამართლოს გადაწყვეტილება დასჭირდება. 

საპოლიციო გამოსახლების გაუქმების თაობაზე ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში და სხვა თანმდევ კანონებში შედის. კოდექსიდან იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს მიერ უძრავ ნივთზე ხელშეშლის აღკვეთას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ითვალისწინებს. 

 

კომენტარები