საპოლიციო გამოსახლება

ქართული ოცნების წევრი საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას შეცდომად მიიჩნევს

ტაბულა

დიდუბის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი ილია წულაია საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას შეცდომად აფასებს. ბიზნესკონტრაქტთან წულაიამ განაცხადა, რომ მერვე მოწვევის პარლამენტმა საპოლიციო გამოსახლების გაუქმებით შეცდომა დაუშვა, ეს შეცდომა კი მომდევნო მოწვევის პარლამენტმა უნდა გამოასწოროს. 

"საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმება, ჩემი აზრით, არ იყო სწორი გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, ახალი პარლამენტი გადახედავს ამ ინიციატივას, რომ უფრო მეტად მოქნილი გახდეს საქართველოში ბიზნესის კეთება", - ამბობს წულაია. 

საპოლიციო გამოსახლების ნორმა ქართული ოცნების უმრავლესობამ გააუქმა. ნორმის გაუქმებას დაზარალებულები უკვე ჰყავს, რის საფუძველზეც საქართველოს ბანკების ასოციაციამ ბიზნესასოციაციასთან ერთად საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა. 

საპოლიციო გამოსახლების გამაუქმებელ კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი 2015 წლის 29 დეკემბერს მოაწერა. კანონის ავტორის, ქართული ოცნების დეპუტატის პაატა კიკნაველიძის შეფასებით, კანონი ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცულობას ზრდის, რადგანაც მის შედეგად საპოლიციო გამოსახლება სასამართლო გამოსახლების ნორმებით იცვლება.

აქამდე მოქმედი ნორმის მიხედვით, მესაკუთრეს მისი კუთვნილი უძრავი ნივთის მფლობელის (რომელსაც მფლობელობის უფლების დამდგენი წერილობითი საბუთი არ გააჩნია) გამოსახლების მოთხოვნით შეეძლო პოლიციისთვის მიემართა, ამ ნორმის გაუქმების შედეგად კი, მესაკუთრეს იმავე შედეგის მისაღწევად სასამართლოს გადაწყვეტილება ესაჭიროება.
 
ილია წულაია პოლიტიკაში გადასვლამდე სამშენებლო ბიზნესში მუშაობდა, მან კომპანია "არქი ჯგუფი" დააფუძნა. 

კომენტარები