საპოლიციო გამოსახლება

საპოლიციო გამოსახლების გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

George Gogua / flickr.com

საქართველოს ბანკების ასოციაციამ და საქართველოს ბიზნესასოციაციამ საპოლიციო გამოსახლების გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ასოციაციებში ფიქრობენ, რომ საპოლიციო გამოსახლების გაუქმება ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება იყო და მან ბიზნესს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სარჩელი ერთ-ერთი მოქალაქის საქმეს ეხება, რომელსაც ამ ნორმის გამო მესაკუთრის უფლებები შეეზღუდა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ბიზნესასოციაციების ინტერესთა წარმომადგენელმა ლევან ალაფიშვილმა ბიზნესკონტაქტთან საუბარში განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის გამო უკვე იზარალა ფიზიკურმა პირმა გ. ნ-მ, რომელიც ორ ბიზნესგაერთიანებასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში ერთ-ერთი მოსარჩელეა.

სარჩელიდან ირკვევა, რომ მოქალაქემ 2015 წლის 13 მაისს მოქალაქე ნ. გ-სგან შეიძინა სახლი მცხეთაში. ამ უკანასკნელს კი ეს უძრავი ქონება შეძენილი ჰქონდა საჯარო აუქციონზე. აუქციონამდე ქონების მესაკუთრე იყო ვინმე ხ. კ. როგორც სარჩელში მოსარჩელე ჰყვება, მის საკუთრებაში უკანონოდაა შეჭრილი სახლის პირვანდელი მეპატრონე ხ.კ.
 
"ჩემმა გამოჩენამ სახლის ტერიტორიაზე გამოიწვია ძველი მესაკუთრეების აგრესია და პრეტენზიები - თუ რატომ შევიძინე აღნიშნული უძრავი ქონება. იმავე დღესვე გამოვცხადდი უბნის ინსპექტორთან მომხდარი შემთხვევის შესწავლის მიზნით, თუმცა - ამაოდ. აღნიშნულის შემდეგ სახლის კარი დავლუქე ე.წ. სვარკის აპარატის მეშვეობით, თუმცა იმავე ღამეს ხ. კ-მ და მისმა ოჯახის წევრებმა დაანგრიეს ჩემ მიერ გამაგრებული რკინის კარი და შეიჭრნენ შენობაში. გარდა უბნის ინსპექტორისთვის მიმართვისა, მივმართე პოლიციას და პროკურატურას, რათა მათ შეესწავლათ მომხდარი ფაქტი და დაეწყოთ გამოძიება, თუმცა პროკურატურის და პოლიციის მხრიდან აღნიშნულ ფაქტს არ მოჰყოლია შედეგი ან გამოძიების დაწყება. შესაბამისად, იძულებული ვარ, მივმართო სასამართლოს ჩემს საკუთრებაში არსებული ქონების დაბრუნების მიზნით, რადგან 1 წელია ვერ ვახორციელებ მესაკუთრის უფლებებს", - აცხადებს მოსარჩელე.
 

საპოლიციო გამოსახლების გამაუქმებელ კანონპროექტს პრეზიდენტმა ხელი 2015 წლის 29 დეკემბერს მოაწერა. კანონის ავტორის, ქართული ოცნების დეპუტატის პაატა კიკნაველიძის შეფასებით, კანონი ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცულობას ზრდის, რადგანაც მის შედეგად საპოლიციო გამოსახლება სასამართლო გამოსახლების ნორმებით იცვლება.

აქამდე მოქმედი ნორმის მიხედვით, მესაკუთრეს მისი კუთვნილი უძრავი ნივთის მფლობელის (რომელსაც მფლობელობის უფლების დამდგენი წერილობითი საბუთი არ გააჩნია) გამოსახლების მოთხოვნით შეეძლო პოლიციისთვის მიემართა, ამ ნორმის გაუქმების შედეგად კი, მესაკუთრეს იმავე შედეგის მისაღწევად სასამართლოს გადაწყვეტილება ესაჭიროება.

კომენტარები