სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა

დანელია: ხელისუფლებაში რაციონალიზმის მარცვალი აღარავის აღარ შერჩა

ნინო დანელია
თეორემა/ტაბულა

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნონო დანელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებასთან და ამ საქმეზე ენმ-ის საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას დაკითხვაზე ამბობს, რომ ხელისუფლების ქმედებები არარაციონალურია. დანელია ამის მიზეზად გამოძიების დაწყების საბაბს, რუსულ სერვერებზე რეგისტრირებული ბლოგის wikileaks.center-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებს. დანელიას თქმით, საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციები ქვეყანაში დემოკრატიის დაუცველობის შესახებ საუბრობენ. 

"რუსეთში დარეგისტრირებულ რაღაც გაურკვეველ საიტზე გამოქვეყნებულ ბოდვას ისინი თვლიან, რომ არის რაიმენაირი მტკიცებულება და დაკითხვაზე იბარებენ ადამიანს. ხელისუფლების მიერ ჩადენილ ქმედებებზე მე ვფიქრობ, რომ ეს არის უგუნურების ის ზღვარი, რომლის იქითაც უგუნურებაც აღარ არსებობს. როგორც ჩანს ჩვენ კიდევ წინ ძალიან ბევრი ასეთი უგუნური გადაწყვეტილებები გველის, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში აღარავის აღარ შერჩა გონი, აღარავის აღარ შერჩა ის მარცვალი რაციონალიზმის, რომელიც მათ უკარნახებს როგორ უნდა მოიქცნენ და როგორ ადეკვატურად უნდა შეაფასონ ვითარება. არ დარჩა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, დაწყებული ევროპარლამენტით, დამთავრებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტით, რომელმაც მკაცრად არ გააკრიტიკა ჩვენი ხელისუფლება სწორედ დემოკრატიული ღირებულებების დაუცველობის გამო."-ამბობს დანლია.

სუს-ში არ აკონკრეტებენ, უკავშირდება თუ არა დაწყებული გამოძიება საიტ wikileaks.center - ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას შორის გამართული საუბრის შესახებ. საიტი გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად არა უკრაინული, არამედ რუსულია, რადგანაც ის რუსულ სერვერებზე არის ატვირთული. მისი დამარეგისტრირებელი კომპანიის მისამართი კი მოსკოვში, ვიტორია ზვენიაგოროდსკაიას 13-ში მდებარეობს.

ძალადობით ხელისუფლების დამხობის საქმეზე გამოძიება გასულ წელსაც დაიწყო, მაშინ ეგრეთწოდებული "საბურავების საქმეზე" გამოძიების დაწყების შესახებ ყოფილმა შსს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა. გამოძიებას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

კომენტარები