სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა

პრემიერი: სახელმწიფოზე მახვილის აღმმართველი იმავე მახვილით განადგურდება

ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობისა და შეთქმულების საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. პრემიერის თქმით, ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით იქნება განადგურებული. პრემიერი საქმესთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

"არსახსენებლებს ვეძახი წინა მთავრობის წარმომადგენლებს და სააკაშვილს, რომელიც არის სახე იმ ნიღბიანი ჯალათის, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა. პირდაპირ ხდება მოწოდება, რომ ეს ხელისუფლება უნდა დაამხონ, ასე უნდა გავაკეთოთ და ისე უნდა გავაკეთოთო. მე მათ ვპირდები და გპირდებით თქვენ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ დესტაბილიზაციას. ჩვენ ვართ დღეს იმაზე უფრო მეტად ძლიერი, ვიდრე ვიყავით სამი წლის წინ. ვინც სახელმწიფოზე აღმართავს მახვილს, იმავე მახვილით იქნება განადგურებული. ჩვენ მათ, ვინც ხალხს დაურღვევს მშვიდობას და სტაბილურობას, რა თქმა უნდა, გავუშვებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში. ამ ადამიანების ადგილი პოლიტიკაში აღარ იქნება."- თქვა პრემიერმა.

სუს-ში არ აკონკრეტებენ უკავშირდება თუ არა დაწყებული გამოძიება საიტ wikileaks.center - ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას შორის გამართული საუბრის შესახებ. საიტი გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად არა უკრაინული, არამედ რუსულია, რადგანაც ის რუსულ სერვერებზე არის ატვირთული. მისი დამარეგისტრირებელი კომპანიის მისამართი კი მოსკოვში, ვიტორია ზვენიაგოროდსკაიას 13-ში მდებარეობს.

დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით რუსთავი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 საათიანი ვიდეომეთვალყურეობა დაიწყო და ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები გამოყო.

ძალადობით ხელისუფლების დამხობის საქმეზე გამოძიება გასულ წელსაც დაიწყო, მაშინ ეგრეთწოდებული "საბურავების საქმეზე" გამოძიების დაწყების შესახებ ყოფილმა შსს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა. გამოძიებას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

კომენტარები