სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა

სუს-მა სახელმწიფო გადატრიალების მიზნით შეთქმულების საქმეზე გამოძიება დაიწყო

police.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება შეთქმულების ფაქტზე, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას ისახავდა მიზნად.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტდაზვერვის მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაწიყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. რაც ითვალისწინებს შეთქმულებას, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება და საგამოძიებო მოქმედებიბი." - ამბობს იზორია.

სუს-ში არ აკონკრეტებენ, უკავშირდება თუ არა დაწყებული გამოძიება საიტ wikileaks.center - ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას შორის გამართული საუბრის შესახებ. საიტი გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად არა უკრაინული, არამედ რუსულია, რადგანაც ის რუსულ სერვერებზე არის ატვირთული. მისი დამარეგისტრირებელი კომპანიის მისამართი კი მოსკოვში, ვიტორია ზვენიაგოროდსკაიას 13-ში მდებარეობს.

ძალადობით ხელისუფლების დამხობის საქმეზე გამოძიება გასულ წელსაც დაიწყო, მაშინ ეგრეთწოდებული "საბურავების საქმეზე" გამოძიების დაწყების შესახებ ყოფილმა შსს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა. გამოძიებას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

 

კომენტარები