რუსთავი 2

სამადაშვილი: თუ მთავრობას ხელს არ შეუშლით, შემდეგი მაიდანი იქნება თბილისში

როგორც ადამიანმა, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დაახლოვებაზე, მინდა, მივმართო დიპლომატიურ კორპუსს. ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც 2012 წელს ამ ქვეყანაში პირველად დემოკრატიული არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება, თქვენ მიესალმეთ ამ ცვლილებებს და ჩათვალეთ, რომ საქართველოს დემოკრატიამ წინ გადადგა ნაბიჯი. ჩვენ უფრო პესიმისტურად ვუყურებდით ამას და გაფრთხილებდით, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით ძალაუფლებას დაეპატრონა საეჭვო რეპუტაციისა და ზრახვების პოლიტიკური გუნდი. მგონია, რომ დღეს უკვე ნათელია - ჩვენი შეშფოთება და სკეპტიციზმი იყო გამართლებული. ვიცი, დიპლომატიურ კორპუსში არის შეშფოთება, რომ საქართველოში შესაძლოა, მოვლენები განვითარდეს უკრაინული სცენარით. უკრაინაშიც იანუკოვიჩი თავის დროზე დემოკრატიული არჩევნების გზით აირჩიეს. მინდა, გესმოდეთ, რომ დღეს ვდგავართ იმ კრიტიკულ ზღვარზე, როდესაც თქვენ ქმედითად ხელი უნდა შეუშალოთ მცდელობას, საქართველოში ჩაიხშოს თავისუფალი სიტყვა. თუ თქვენ ამას ვერ მოახერხებთ დღეს, მერწმუნეთ რომ შემდეგი "მაიდანი" იქნება თბილისში. იქნება იმიტომ, რომ ქართველი ხალხი, რომელსაც მე ეხლა მინდა, მივმართო, არავის მისცემს უფლებას, წაართვას მას ის ერთადერთი, რაც დარჩა. ერთადერთი იმიტომ, რომ აქ ხალხი არის გაღატაკებული, ძალიან მძიმე დღეში არიან ჩვენი თანამოქალაქეები, მაგრამ მათ დარჩათ ერთადერთი უფლება. ის უფლება, რომ მივიდნენ საარჩევნო ყუთთან და პასუხი გასცენ ხელისუფლებას, რომელმაც ისინი მოატყუა, როგორც ატყუებენ ბავშვებს ფოჩიანი კანფეტებით. ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს და ვფიქრობ, დღეს დასავლეთი გვერდზე უნდა დაუდგეს რუსთავი 2-ს იმისთვის, რომ მოვლენები არ წავიდეს იმ სცენარით, რომლის ნახვაც არავის სურს ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში გვინდა სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და ამ გზით ხელისუფლების ცვლილება. ეს ალბათ გარდაუვალია, თუ ჩვენ შევხედავთ, რა მხარდაჭერა აქვს დღევანდელ სახელისუფლო გუნდს მოსახლეობაში. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ, რომ თუ არ გინდათ, 2012 წელი გახდეს უკანასკნელი წელი, როდესაც თქვენ მოგეცათ შესაძლებობა, აგერჩიათ თქვენი ხელისუფლება, დაუდექით გვერდში რუსთავი 2-ს.

ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, სალომე სამადაშვილი.

კომენტარები