რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი ორის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ShutterStock

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი ორის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ნიკა ნარსიას და კახა გაბუნიას ხულიგნობაში ადანაშაულებენ. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით წარუდგინეს, რაც სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მესამე დაკავებულს მირიან დეისაძეს კი, ხულიგნობასთან ერთად, ცემასაც ედავებიან, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, დაკავებულებსა და უმრავლესობის დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც დეპუტატს პიჯაკი შემოახიეს. დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და პროტესტის ნიშნად ამ დრომდე შიმშილობენ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილები არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები. უმცირესობის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავი ორგანოები შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებენ.

„ნათელია, რომ რუსთავი 2-ზე შეტევის პარალელურად ასეთი ტიპის ანგარიშსწორება ხორციელდება იმისთვის, რომ ეს ბრძოლა უფრო ფართო და სახალხო არ გახდეს, მაგრამ ეს ასე იქნება. სისხლის სამართლით საქმის აღძვრა ამ კონკრეტულ ფაქტზე წარმოუდგენელია, ჩვენ გვახსოვს მთელი წყება ფაქტების, რომლებიც ჩვენს აქტივისტებზე, დეპუტატებზე თავდასხმას უკავშირდება, სადაც უფრო მძიმე შემთხვევები გვქონდა, იქაც კი ყველაფერი ასლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლებოდა. უფრო რბილ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე სისხლის სამართლის კანონმდებლობით აღიძრა, პირდაპირი ანგარიშსწორება, შერჩევითი სამართლის კლასიკური მცდელობა, ალბათ, დაშინების მცდელობა გვაქვს სახეზე“, - თქვა დეპუტატმა გივი თარგამაძემ.

კომენტარები