ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

შსს-მ ყოფილი პოლიციელის გავრცელებულ ვიდეოზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ყოფილი პოლიციელის გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

"იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდება რაიმე სახის გადაცდომა, გენერალური ინსპექცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს" - აცხადებს შსს.

ცნობისთვის, პოლიციის ყოფილი უფროსი ლეიტენანტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს კანონდარღვევაში ადანაშაულებს. გიორგი ბაბუნაშვილის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან წამოღებულ მასალაში ჩანს, როგორ სარგებლობენ მაღალჩინოსნების ნათესავები დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვებით, ე.წ. ნარუშილოვკებით. ტელეკომპანია რუსთავი 2-მა პოლიციის ყოფილი უფროსი სერჟანტის გიორგი ბაბუნაშვილის მოპოვებული ვიდეომასალა გადაცემა პოსტსკრიპტუმში გაავრცელა. ყოფილი პოლიციელი ამბობს, რომ გავრცელებული მასალა მხოლოდ ნაწილია იმ მასალისა, სადაც მაღალჩინოსნების ნათესავები და მეგობრები ფიგურირებენ. ბაბუნაშვილი ვიდეომასალაში ამბობს, რომ "საპატრულო პოლიცია მოშლილი და დეორგანიზებულია".

ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ფიგურირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ლევან იზორიას ძმა, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. როგორც ვიდეომასალაში ჩანს, იზორიას ძმა მას დარღვევის უფლების მიმნიჭებელ საშვს აწვდის, რომლის საფუძველზეც პატრული იძულებული ხდება, ის გაუშვას. ამის შემდეგ, იზორიას ძმა თავისუფლად აგრძელებს გადაადგილებას.

ე.წ. ნარუშილოვკა საიდუმლო დოკუმენტია. ის უშუალოდ მინისტრის ბრძანებით გაიცემა და მისი გამოყენების უფლება მხოლოდ ოპერატიულ მუშაკებს აქვთ. ისიც მაშინ, როცა სპეციალური დავალების შესასრულებლად მიდიან. ვიდეომასალა გიორგი ბაბუნაშვილმა საინფორმაციო სააგენტო ტაიმერისა და გაზეთ ქრონიკა +-ის ჟურნალისტებს მიაწოდა და მედიაში გავრცელება სთხოვა. ყოფილი ლეიტენანტი უკვე ევროპაშია და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. 

კომენტარები