ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

ივანიშვილი: ვინმეს ნათესაობა არ შეიძლება რაიმე პრივილეგიას წარმოადგენდეს

კვირის 2030

„მე ყოველთვის მკვეთრი ზღვარს ვავლებ ნათესაურ ურთიერთობებსა და იმ ვალდებულებებს შორის, რასაც სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა გვაკისრებს და ამასვე მოვითხოვ სხვებისგანაც." - ასე ეხმაურება ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პოლიციელის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომლის თანახმად, სხვადასხვა პირები, მათ შორის, სუს-ის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას ძმა, დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვებით სარგებლობენ.

ივანიშვილის განცხადებას ორგანიზაცია „მოქალაქე" ავრცელებს:

„გუშინ ტელევიზიით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს მოქალაქე, რომელიც, ე.წ. "ნარუშილოვკის" პატრულისთვის ჩვენებით, ცდილობს, პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას.

რამდენადაც ვიცი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, რომ ყველა კანონდამრღვევი სათანადოდ დაისჯება, მაგრამ, მინდა ვისარგელო შემთხვევით, და, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს მოქალაქე ჩემი ნათესავი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტო ჩემი პოზიცია მსგავს მოვლენეთან დაკავშირებით.

ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ნებისმიერი უკანონო პრივილეგიის გამოყენება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ამგვარი რამ დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და უკიდურესად სამარცხვინო საქციელია, როგორც პრივილეგიის გამომყენებლის, ისე პრივილეგიის მიმნიჭებლის მხრიდან.

მე ყოველთვის მკვეთრი ზღვარს ვავლებ ნათესაურ ურთიერთობებსა და იმ ვალდებულებებს შორის, რასაც სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა გვაკისრებს და ამასვე მოვითხოვ სხვებისგანაც.

ვინმეს ნათესაობა არ შეიძლება რაიმე პრივილეგიას წარმოადგენდეს, ისევე როგორც, პრივილეგია არ შეიძლება იყოს ვინმეს ნათესავებთან მეგობრობა და თუ რომელიმე სახელმწიფო მოხელე მლიქვნელობისა თუ რაიმე სხვა მიზეზით კანონის გვერდის ავლას შეეცდება, საზოგადოებამ მას მკაცრად უნდა მოვთხოვოთ პასუხი.

ჩვენ დიდხანს ვიცხოვრეთ ავტორიტარულ სახელმწიფოში, სადაც მიღებული იყო უპირატესობის მოპოვება უკანონო პრივილეგიებით. დემოკრატიის მშენებლობა, პირველ რიგში, სწორედ ამ მავნე სენისგან გათავისუფლებას გულისხმობს და წინ უნდა აღვუდგეთ ამ მანკიერების ნებისმიერ გამოვლინებას.

მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, თუ ამ მხრივ, თუნდაც ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაიმე უხერხულობა შეიქმნა; კანონის წინაშე თანასწორობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა და საზოგადოების თითოეულ წევრთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ ამ ღირებულების შეუქცევადად დამკვიდრებისთვის." - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები