ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

პროკურატურა: ნათია მეზვრიშვილს დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვი არ ჰქონია

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

მთავარი პროკურატურის განცხადებით, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს ნათია მეზვრიშვილს აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან გათავისუფლების დამადასტურებელი საშვი არასდროს ჰქონია. უწყების განმარტებით, მეზვრიშვილის სამსახურებრივ ავტომანქანაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა გასცა თანხმობის დამადასტურებელი მოწმობა სატრანსპორტო საშუალებაზე არსებულ დამუქებაზე და სწორედ ეს საშვი წარუდგინა მეზვრიშვილმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დამუქების შემოწმების დროს. პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ უწყების არცერთი თანამშრომელი არ სარგებლობს არანაირი პრივილეგიით სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის.

"ნათია მეზვრიშვილი, მისი განმარტებით, რამდენიმეჯერ მართლაც გააჩერა საპატრულო პოლიციამ ავტომანქანაზე მინების დამუქების გამო, რა დროსაც ამოწმებენ ხსენებული ნებართვის არსებობას. გუშინ გადაცემა არჩევანის მიერ გავრცელებული ფაქტი ერთ-ერთ მსგავს შემთხვევას ასახავს" - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ კანონის თანახმად, პროკურატურა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს როგორც გამოძიებას, ასევე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას, მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას, კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

"აღნიშნული ფუნქციების განსახორციელებლად პროკურატურის თანამშრომლები სამსახურეობრივი საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილი არიან გამოიყენონ „საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებულ აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვი“. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ სრულად იყო ინფორმირებული, რომ ნათია მეზვრიშვილს არასოდეს ჰქონია სარგებლობაში სპეციალური საშვი, ტელეკომპანიამ მაინც გაავრცელა არასწორი ინფორმაცია, რასაც ჩვენ ვაფასებთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად. ჩვენს პოზიციას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გავრცელებულ კადრებში არ ჩანდა, რა დოკუმენტი მოითხოვა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა და რა წარუდგინა მას მეზვრიშვილმა.

საქართველოს პროკურატურას პროკურატურის მუშაკის ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე, პროკურატურის მუშაკთა მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე შემუშავებული აქვს მკაცრი პოლიტიკა. პროკურატურის არცერთი თანამშრომელი არ სარგებლობს არანაირი პრივილეგიით სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის, რაზეც მეტყველებს 2014 წელს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ პროკურატურის თანამშრომლების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 21, ხოლო 2015 წელს შედგენილი 25 ოქმი.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია ახდენს სათანადო რეაგირებას, რაზეც მხოლოდ 2014-2015 წლებში დისციპლინური წესით დასჯილია პროკურატურის 11 თანამშრომელი, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, ექვსი პირი დათხოვნილი იქნა პროკურატურიდან" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ყოფილმა პოლიციელმა გიორგი ბაბუნაშვილმა რუსთავი 2-ში გადაცემა არჩევანში თქვა, რომ პროკურორი ნათია მეზვრიშვილი დარღვევის საშვის ჩვენების შემდეგ გაუშვა. 

"იმის შემოწმების მიზნით გავაჩერე ის მანქანა, რომ გადამემოწმებინა, რამდენად ჰქონდა უფლება, რომ დაბურული მინებით ევლო. რომ მივედი, თავი წარვუდგინე და დოკუმენტაცია მოვთხოვე. ამ დოკუმენტაციაში, როდესაც საფულეს ხსნის, მართვის მოწმობა ჩანს, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მართვის მოწმობის მაგივრად ე.წ. ნარუშილოვკა წარმიდგინა. აქედან გამომდინარე, არც დაბურული მინების ნებართვა მითხოვია, არც არაფერი, გამოვბრუნდი და დავუბრუნდი ჩემს ავტომობილს", - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

კომენტარები