ყოფილი პოლიციელის ვიდეომასალა

შს მინისტრმა დარღვევის ნებართვები ძალადაკარგულად გამოაცხადა

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 2009 წლის ბრძანების საფუძველზე გაცემული დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვები ძალადაკარგულად გამოაცხადა. მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

"მივიღე გადაწყვეტილება და რამდენიმე წუთის წინ ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის თანახმად, 2009 წლის სრულიად საიდუმლო ბრძანება და მის საფუძველზე გაცემული სპეციალური საშვები ძალადაკარგულად გამოცხადდა. შესაბამისად, ჩემი დავალებით, აღნიშნული საშვები მფლობელებს ჩამოერთმევა და განადგურდება. ახალი, სრულიად საიდუმლო ბრძანება რამდენიმე დღეში ამოქმედდება და მოაწესრიგებს როგორც მათი გაცემის, ისე მათი გამოყენების, კონტროლის და საჭიროების შემთხვევაში, ჩამორთმევის წესს. გამკაცრდება რეგულაციები და ჩამოყალიბდება ეფექტური მონიტორინგის ქმედითი სიტემა" - განაცხადა მღებრიშვილმა.

ცნობისთვის, პოლიციის ყოფილმა უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ბაბუნაშვილმა გაავრცელა ვიდეომასალა, რომლის მიხედვითაც, მაღალჩინოსნების ნათესავები დარღვევის უფლების მიმნიჭებელი საშვებით სარგებლობენ. ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ფიგურირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ლევან იზორიას ძმა, რომელიც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. როგორც ვიდეომასალაში ჩანს, იზორიას ძმა მას დარღვევის უფლების მიმნიჭებელ საშვს აწვდის, რომლის საფუძველზეც პატრული იძულებული ხდება, ის გაუშვას. ამის შემდეგ, იზორიას ძმა თავისუფლად აგრძელებს გადაადგილებას.

საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი საშვი საიდუმლო დოკუმენტია. ის უშუალოდ მინისტრის ბრძანებით გაიცემა და მისი გამოყენების უფლება მხოლოდ ოპერატიულ მუშაკებს აქვთ. ისიც მაშინ, როცა სპეციალური დავალების შესასრულებლად მიდიან. 

კომენტარები