ჩვენ არ ვიცით, უახლოეს ხანებში გიგი უგულავას ციხეში შეაბრუნებენ თუ არა. მიუხედავად ამისა, მისი თუნდაც დროებითი განთავისუფლება სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკურად, ეს არის სერიოზული დარტყმა ხელისუფლებისვის, რომლის პრაქტიკულად ერთადერთი "მიღწევაა", რომ ნაციონალების ლიდერები ციხეში უზის („თუ ესეც არ შეუძლიათ, საერთოდ რა შეუძლიათ"?). ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც ძალაუფლების დანაწილებამ იმუშავა და ხელისუფლების თვითნებობა შეზღუდა. ხელისუფლება შეეცდება, ეს უკანასკნელი მომენტი თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს: ხომ ხედავთ, დემოკრატია ვითარდება? აბა, მიშას დროს ასეთი რამე მოხდებოდა? მაგრამ ეს არგუმენტები სუსტია. პირველ რიგში, ინსტიტუტებმა იმუშავა იმიტომ, რომ ნაციონალების დანატოვარი ინსტიტუტებია. აბა, ტურავებით რომ გაევსო ბიძინას კონსტიტუციური სასამართლო, ვნახავდით, როგორც იმუშავებდა. გარდა ამისა, ნაციონალების დროს ოპოზიციის ლიდერები ციხეებში არ ისხდნენ. იყო ერთი გამონაკლისი, ირაკლი ოქრუაშვილი, მაგრამ მაშინ ხელისუფლება მიხვდა, რამდენად წამგებიანი იყო მისთვის ასეთი პატიმრის ყოლა, და რაღაცნაირად მოაგვარა ეს პრობლემა: უაღრესად არასრულყოფილად, მაგრამ მოაგვარა (ირაკლი ოქრუაშვილმა რომ სასწრაფოდ ჩაისვარა, გიგის და ბაჩოს და ვანოსგან განსხვავებით, ეს ამ შემთხვევაში სუბიექტური მომენტია, მაგრამ მორალურად მნიშვნელოვანი). ბიძინა და მისი გარემოცვა ამდენს, უბრალოდ, ვერ ტვინავს. მათი ქცევა ამ დღეების მანძილზე, უპირველეს ყოვლისა, გონებრივი პრიმიტივიზმის ნიმუშია. ამას რომ ვამბობ, არ შევდივარ წმინდა იურიდიულ კამათში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში უშუალოდ ჰქონდა სავალდებულო ძალა აღმასრულებლისთვის, თუ საერთო სასამართლო უნდა გაევლო. საცოდავად რომ ეპოტინებოდნენ ყველანაირ ხავსს, ოღონდ გიგის ციხეში ყოფნა რამდენიმე საათით გაეგრძელებინათ, საცოდავი სანახავები იყვნენ. ხელისუფლებას კი არა აქვს უფლება, საცოდავად გამოიყურებოდეს. დაბოლოს, არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა მოხდება, მაგრამ გიგი უგულავამ დაამტკიცა, რომ მაგარი კაცია და მაგარი ლიდერია. პირადად მას ნებისმიერ შემთხვევაში ვულოცავ
tbl.ge/vby
დაკოპირდა

პოლიტოლოგი გია ნოდია facebook-ის პირად გვერდზე
ამავე თემაზე
- ბოკერია: უგულავას საქმის გაგრძელებით ჩანს, შეთანხმების გარღვევად გამოცხადება შეცდომა იყო
- უგულავა: ვინც არ უნდა დაიჭირონ, ჩვენი ციხიდან გამოშვება რიგგარეშე არჩევნებში არ გაიცვლება
- Edison Research: 61% გიგი უგულავას დაპატიმრებას უსამართლოს უწოდებს
- თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი - სასამართლომ უგულავას აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა
- უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ უგულავას საქმე დარღვევებით განიხილა




