გიგი უგულავას საქმე

ევროკავშირის წარმომადგენლობა: საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება დიდი მიღწევაა

twitter.com/eu_eeas

საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილემ კარლო ნატალემ, გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს 16 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდი მიღწევა უწოდა. 

"ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას. ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, მიანიშნებს, რომ სასამართლო საქართველოში მიჰყვება სათანადო პრინციპებს. ჩვენ ადრე გვქონდა გარკვეული კითხვები ამასთან დაკავშირებით და ამიტომაც ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, არის დიდი მიღწევა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც არის სათანადო პროცესის, სათანადო პროცედურის დაცვის პრინციპი და ეს პრინციპი მეტ-ნაკლები დაცვით მოქმედებს ყველა ევროპულ სახელმწიფოში", - ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოადგილე კარლო ნატალე.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო. უგულავას წინასწარი პატიმრობა 7 ნოემბრის საქმეზე ჰქონდა შეფარდებული. ამის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

კომენტარები