გიგი უგულავას საქმე

კობახიძე: ენმ ცდილობს, შექმნას აჟიოტაჟი და დესტაბილიზაციის ფონი ქვეყანაში

მანანა კობახიძე
ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მანანა კობახიძის მოსაზრებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, იძალადოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე და საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. მისი თქმით, გიგი უგულავა მხოლოდ საერთო სასამართლოების მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება, გათავისუფლდეს.

"გუშინდელი საღამოდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, იძალადოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სასამართლოზე, სამინისტროებზე, საზოგადოებაზე - შეიყვანოს შეცდომაში ჩვენი მოსახლეობა, რაც ემსახურება დესტაბილიზაციის შექმნას ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, გაკეთდა არასწორი კომენტარებიც - ამიტომ ვთვლი საჭიროდ, რომ დამატებით, როგორც პარლამენტის დეპუტატმა, გავაკეთო განცხადება და განვმარტო, რასთან გვაქვს საქმე.

გუშინდელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხება იმ ნორმას, რომელიც მიღებულია სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. სამწუხაროდ, ეს იყო სწორედ ის პერიოდი, როდესაც არაკონსტიტუციური ნორმებით იმართებოდა ქვეყანა და ეს რეალობაა. ამ ნორმის მიხედვით არაერთი ასეული პატიმარი იყო წინასწარ პატიმრობაში, როგორც ჩანს.

თუ დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ნორმა ცნო არაკონსტიტუციურად და მართლაც მასში არის ასეთი შინაარსი, რა თქმა უნდა, ეს სწორია და ვალდებული ვართ დავექვემდებაროთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღვასრულოთ. კანონი ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული და ყველას, მათ შორის გიგი უგულავას, უფლება უნდა იყოს დაცული.
ჯერჯერობით მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პრესრელიზი გვაქვს. აქ სარეზოლუციო ნაწილიც კი არ არის სრულად ჩამოყალიბებული. ამიტომ ვერც პარლამენტი და ვერც საერთო სასამართლო პრესრელიზით ვერ იხელმძღვანელებს. საჭიროა დასაბუთებული, სრულყოფილი ხელმოწერილი გადაწყვეტილება, სრულყოფილი სარეზოლუციო ნაწილით იმიტომ, რომ ვნახოთ, როგორ შეფასებებს იძლევა საკონსტიტუციო სასამართლო.

უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დაავალებს ვერც სასჯელაღსრულების მინისტრს და ვერც ციხის დირექტორს, გაათავისუფლოს უგულავა ან რომელიმე პატიმარი. სასამართლო ბრძანება უნდა შეიცვალოს მხოლოდ საერთო სასამართლოების მოსამართლის ბრძანებით და მისი გადაწყვეტილებით და სხვას არავის აქვს უფლება, განსაზღვროს პირი იყოს თავისუფლებაში თუ არა. ამიტომ ასეთი აჟიოტაჟი, მივარდნები ციხესთან ემსახურება ერთადერთს, შექმნას ზედმეტი აჟიოტაჟი და დესტაბილიზაციის ფონი ქვეყანაში. ამიტომ კეთილი ინებოს ნაციონალურმა მოძრაობამ, დაელოდოს საერთო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, დაემორჩილოს კანონს და იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში", - თქვა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არკონსტიტუციურად ცნო.

კომენტარები