გიგი უგულავას საქმე

12:00-ზე, სასამართლოსთან აქცია - "გიგი უგულავა უკანონო პატიმარია" გაიმართება

Khatia Psuturi

დღეს, 12:00-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება საპროტესტო აქცია სახელწოდებით - გიგი უგულავა უკანონო პატიმარია. სწორედ 12:00-ზეა ჩანიშნული გიგი უგულავას სასამართლო პროცესი, სადაც ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას. ცნობისთვის, გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, გიგი უგულავასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არაკონსტიტუციურად ცნო, თუმცა, თბილისის ყოფილი მერი კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში რჩება.

"ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა უგვანი ფორმებით ცდილობდა ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების გაჭიანურებას. ამის მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება ცდილობს კანონის და სასამართლო რეგლამენტის დარღვევით მიუსაჯოს გიგი უგულავას თავისუფლების აღკვეთა ისე, რომ უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება არ მოუწიოს. მოსამართლე ჩხიკვაძე, რომელმაც 17 სექტემბერს გიგის პროცესი უნდა გამართოს, ხელისუფლების მძევალია. მას რამდენიმე თვის წინ მოუვიდა ავარია, რომლის შედეგადაც ადამიანი დაიღუპა. ეს საქმე დამოკლეს მახვილივით კიდია მის თავზე. მოსამართლის და მმართველი ძალის შეთანხმებული მოქმედება მისდა უნებურად დაადასტურა კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ, რომელმაც გაამხილა მოსამართლის განზრახვა "საბოლოოდ მიუსაჯოს" 17 სექტემბერს. ხელისუფლების მსგავსი თავგასულობით ზიანი ადგება არა მხოლოდ გიგი უგულავას და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ის წარმოადგენს, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ხელისუფლების მსგავსი თავგასულობა დარტყმის ქვეშ აყენებს ქართულ დემოკრატიას, საქართველოს სანდოობას, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, იწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას, აზიანებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქართულ ეკონომიკას. ყველა, ვინც ზემოთქმულს იზიარებთ და ვისაც შეგიძლიათ, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, მოდით საქალაქო სასამართლოსთან 17 სექტემბერს, 12:00 საათზე და ჩვენთან ერთად გააპროტესტეთ ხელისუფლების თავგასულობა", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი "გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის გასვლის შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება სხვა საქმეზე არაკონსტიტუციურად ცნო. გადაწყვეტილება გუშინ, 21:00-ზე საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლემ გამოაცხადა. 

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ე.წ. მატროსოვის ციხესთან, სადაც გიგი უგულავა ამ დრომდე არაკონსტიტუციურად გამოცხადებულ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მისმა თანაგუნდელებმა და მხარდამჭერებმა ყოფილი მერის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვეს. თუმცა, ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, "სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა არ ჩაიბარა [გადაწყვეტილება], არ ჩაიბარა მისმა ადმინისტრაციამ, როგორც ვიცით, მინისტრი საერთოდ ზარებსაც კი არ პასუხობს. დარღვევა არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან, ამ დრომდე, გიორგი უგულავა არ არის თავისუფალი და ვერანაირი ინტერპრეტაცია ქართული კანონმდებლობის, ვერ მიცემს ვერც პროკურატურას, ვერც სასამართლოს, ვერც სასჯელაღსრულების დეპარტამენტს იმის შესაძლებლობას, რომ ამტკიცონ, თითქოს სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო გიორგი უგულავას გასათავისუფლებლად".

კომენტარები