გიგი უგულავას საქმე

მერაბ ტურავას საკითხს სასამართლოს დისციპლინურ საქმეთა კომისია შეისწავლის

საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მოსამართლე მერაბ ტურავამ ხელი დღესაც არ მოაწერა. საკონსტიტუციო სასამართლო ჯანმრთელობის ცენტრ მედინაში სრული შემადგენლობით შეხვდა ტურავას და გადაწყვეტილება ხელმოსაწერად მიუტანა. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ მასზე ხელმოწერაზე უარი თქვა. ამის გამო, სასამართლომ მერაბ ტურავას გამოუცხადებლობის საკითხი შესასწავლად და შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას. კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს კომენტარი გააკეთოს ბატონი მერაბ ტურავას მიერ მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ მას გადაწყვეტილების სრული ტექსტი დაგვიანებით მიეწოდა, ხოლო მოსამართლეებმა მოუმზადებლად დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები აღნიშნული საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეახსენებს საზოგადოებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსის გამჟღავნება წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას  და მოუწოდებს ბატონ მერაბ ტურავას, თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის განცხადებების გავრცელებისაგან.

ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლოს პლენუმის ყველა წევრს ჰქონდა გონივრული ვადა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პროექტის გასაცნობად, აზრის გამოსათქმელად და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსიელებების განსახორციელებლად, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დანარჩენი წევრების მიერ სრულად იქნა რეალიზებული" - აცხადებს სასამართლო.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ - გუშინ, 17:00-ზე უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, საქმის განხილვაში მონაწილე ცხრა მოსამართლიდან ერთ-ერთის - მერაბ ტურავას ავადმყოფობის მიზეზით, სხდომა გადაიდო. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ტურავას შესთავაზეს გადაწყვეტილებაზე ხელმოწერა მისთვის სასურველ დროსა და ადგილას, რაზეც მან უარი თქვა და გამოუცხადებლობაზე ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები დაასახელა. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს უფლება არა აქვს, უარი განაცხადოს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე, თავი შეიკავოს კენჭისყრისას და არ მოაწეროს ხელი გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია ეკავა მას კენჭისყრის პროცესში. სასამართლოს განმარტებით, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმა საპატიო მიზეზის გარეშე წარმოადგენს კანონის დარღვევას. 

გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ივნისში, მას შემდეგ შეიტანა, რაც ის წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის გასვლის მიუხედავად პატიმრობაში დატოვეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მეორედ, სხვა საქმეზე შეუფარდეს. 

გიგი უგულავა პარლამენტს არაკონსტიტუციური კანონის მიღებაში ადანაშაულებს და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს 9 თვეს, რაც კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას ეწინააღმდეგება.

კომენტარები