გიგი უგულავას საქმე

ტურავა: შემეძლო, ხელი მომეწერა გადაწყვეტილებაზე, ის რომ წაკითხული მქონოდა

liberali.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას განცხადებით, გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელი იმიტომ არ მოაწერა, რომ ის წაკითხული არ ჰქონდა. ამის შესახებ ტურავამ მაესტროსთან სატელეფონო კომენტარში თქვა. მისი მტკიცებით, გადაწყვეტილების საბოლოო ვერსია გუშინ გაუგზავნეს. ცნობისთვის, გუშინ უგულავას საკონსტიტუციო სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება სწორედ მერაბ ტურავას ავადმყოფობის მიზეზით გადაიდო.

"ხელის მოწერა არ შემეძლო, იმ მდგომარეობაში კი არ ვიყავი... მე შემეძლო, ხელი მომეწერა გადაწყვეტილებაზე, ის რომ წაკითხული მქონოდა, მაგრამ გადაწყვეტილება წაკითხული არ მქონდა, იმიტომ რომ ელექტრონული ფოსტა დაადასტურებს ამას - მე და სხვა მოსამართლეებმაც საბოლოო ვერსია, სარეზოლუციო ნაწილი, გუშინ დღის განმავლობაში მივიღეთ. ჯერ ერთი, მაღალი წნევა მქონდა გუშინ, კომპიუტერთან არ დავმჯდარვარ და გადაწყვეტილებას, სარეზოლუციო ნაწილს არ გავცნობივარ და ისე როგორ შეიძლებოდა... სხვათა შორის, ექიმმაც მითხრა, რომ დღეს შენ სამუშაო მდგომარეობაში არ ხარო და რომ მოეტანათ ჩემთვის გადაწყვეტილება, 50 გვერდს როგორ წავიკითხავდი საავადმყოფოს პალატაში? ჩვენ კიდევ მუშა პროცესში ვიმყოფებოდით და ასე, ერთი საათით ადრე მირეკავენ, რომ გადაწყვეტილება უნდა გამოვაცხადათო... ეს არის, უპირველეს ყოვლისა, მოსამართლის და სასამართლო ხელისუფლების უპატივცემულობა", - აცხადებს ტურავა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ - გუშინ, 17:00-ზე უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, საქმის განხილვაში მონაწილე ცხრა მოსამართლიდან ერთ-ერთის - მერაბ ტურავას ავადმყოფობის მიზეზით, სხდომა გადაიდო. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ტურავას შესთავაზეს გადაწყვეტილებაზე ხელმოწერა მისთვის სასურველ დროსა და ადგილას, რაზეც მან უარი თქვა და გამოუცხადებლობაზე ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები დაასახელა. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს უფლება არა აქვს, უარი განაცხადოს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე, თავი შეიკავოს კენჭისყრისას და არ მოაწეროს ხელი გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიცია ეკავა მას კენჭისყრის პროცესში. სასამართლოს განმარტებით, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმა საპატიო მიზეზის გარეშე წარმოადგენს კანონის დარღვევას. 

გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ივნისში, მას შემდეგ შეიტანა, რაც ის წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის გასვლის მიუხედავად პატიმრობაში დატოვეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მეორედ, სხვა საქმეზე შეუფარდეს. 

გიგი უგულავა პარლამენტს არაკონსტიტუციური კანონის მიღებაში ადანაშაულებს და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს 9 თვეს, რაც კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას ეწინააღმდეგება.

კომენტარები