გიგი უგულავას საქმე

საკონსტიტუციო: ტურავას შევთავაზეთ ხელმოწერა მისთვის სასურველ დროსა და ადგილას

გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით განმარტებას ავრცელებს. სასამართლოს განცხადებით, მერაბ ტურავას შესთავაზეს გადაწყვეტილებაზე ხელმოწერა მისთვის სასურველ დროსა და ადგილას, რაზეც მან უარი თქვა და გამოუცხადებლობაზე ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები დაასახელა. საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმეორებით მისცეს შესაძლებლობა მოსამართლე მერაბ ტურავას, კანონით დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს. ამ მიზნით, დღეს, 16 სექტემბერს, საკონსტიტუციო სასამართლო გეგმავს, ტურავას ხელმოსაწერად მიუტანოს გადაწყვეტილება მისი ადგილსამყოფელის მიხედვით.

"მას შემდეგ, რაც მოსამართლე მერაბ ტურავა არ გამოცხადდა დღის პირველ საათზე პლენუმის სხდომაზე, სადაც გადაწყვეტილების ხელმოწერის პროცედურა უნდა განხორციელებულიყო, სასამართლომ არაერთგზის შესთავაზა, რომ მას შეეძლო ხელი მოეწერა მისთვის სასურველ დროსა და ადგილას. აღნიშნულ შეთავაზებაზე მან უარი განაცხადა, ურთიერთგამომრიცხავი მიზეზები დაასახელა მის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ შეძლებდა სასამართლოში მოსვლას. ამავე დროს, იგი ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა, რომ უნარიანი იყო ხელი მოეწერა გადაწყვეტილებაზე. დაახლოებით 16.30 საათზე მასთან დაკავშირირება ვეღარ მოხერხდა, ხოლო მისი ოჯახის წევრის განცხადებით, ამ დროს ის უკვე იმყოფებოდა კლინიკაში და შეუძლებელი იყო მასთან კომუნიკაცია", - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო და აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების ხელმოწერაზე უარის თქმა საპატიო მიზეზის გარეშე წარმოადგენს კანონის დარღვევას, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული იყო გონივრული დროით გადაეტანა გადაწყვეტილების გამოცხადება, რათა დარწმუნებულიყო, არსებობდა თუ არა კანონიერი საფუძველი მოსამართლის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმისთვის.

"ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმეორებით მისცეს შესაძლებლობა მოსამართლე მერაბ ტურავას, რომ მან განახორციელოს მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება. ამ მიზნით ა.წ. 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლო გეგმავს უზრუნველყოს მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა მისი ადგილსამყოფელის მიხედვით", - ნათქვამია განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ - გუშინ, 17:00-ზე უნდა გამოეცხადებინა. თუმცა, მერაბ ტურავას ავადმყოფობის მიზეზით, გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო. გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ივნისში, მას შემდეგ შეიტანა, რაც ის წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადის გასვლის მიუხედავად პატიმრობაში დატოვეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მეორედ, სხვა საქმეზე შეუფარდეს. 

გიგი უგულავა პარლამენტს არაკონსტიტუციური კანონის მიღებაში ადანაშაულებს და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის გარემოება, რომ რამდენიმე ბრალდების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის ვადა, შესაძლოა, განისაზღვროს თითოეული საქმისათვის დამოუკიდებლად და ჯამში აღემატებოდეს 9 თვეს, რაც კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცულ ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებას ეწინააღმდეგება.

კომენტარები