რთველი 2015

მევენახეებმა პარლამენტის ყოფილი შენობა უკმაყოფილოებმა დატოვეს

საქართველოს პარლამენტი
wikipedia.org

დღეს კახეთიდან ჩამოსულმა მევენახეებმა პარლამენტის ყოფილი შენობა უკმაყოფილოებმა დატოვეს. აგრარული და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებთან სასაუბროდ გლეხები ორჯერ მივიდნენ. თუმცა, როგორც სხდომიდან გამოსვლის შემდეგ თქვეს, კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს. მევენახეები თეთრი ყურძნის ჩასაბარებელი ფასის მინიმუმ ერთ ლარამდე, შავის კი მინიმუმ ლარ-ნახევრამდე გაზრდას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას და მოსავლის ვენახებში დატოვებას გეგმავენ.

დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარული კომიტეტების თავმჯდომარეები მევენახეებს დაჰპირდნენ, რომ საკითხს დეტალურად შეისწავლიან და ორშაბათს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას გამართავენ, რომელზე დასწრების საშუალება მევენახეებსაც ექნებათ. თუმცა, ზუსტად რა ფორმით შედგება შეხვედრა და ვინ დაესწრება მას ხელისუფლებიდან, ჯერჯერობით უცნობია.

თეთრ ყურძენს სახელმწიფო 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებს. გასულ წელს მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. რუსული ბაზრის გახსნის გამო 2014 წელს ქარხნებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს. მეღვინეებიც და ქარხნებიც ჩაბარებული ყურძნის ფასისა და რაოდენობის ზრდას 2015 წელსაც ელოდნენ, თუმცა რუსეთსა და უკრაინაში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ქარხნებს დიდი რაოდენობით გაუყიდავი ღვინო დარჩათ, რის გამოც წელს ნაკლებ ყურძენს იბარებენ, ამის შედეგად ბაზარზე ყურძნის ფასი თითქმის 70%-ით არის შემცირებული.

კომენტარები