რთველი 2015

რთველი 2015-ში სახელმწიფო სუბსიდიას ქარხნების ნაცვლად მევენახეები მიიღებენ

David Mdzinarishvili / Reuters

სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას 2015 წელსაც გეგმავს, თუმცა სუბსიდირების პროექტში ერთი ცვლილება შევა - გასული ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო სუბსიდიას ღვინის ქარხნებზე გასცემდა, წელს კი ეს სისტემა შეიცვლება და სუბსიდიას უშუალოდ მევენახეები აიღებენ. ამიის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა ისაუბრეს. სახელმწიფო 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე - 35 თეთრს, 1 კგ საფერავზე კი - 15 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. მინისტრმა საგარეო ფაქტორების გამო ყურძნის შემცირებულ მოთხოვნაზეც გააკეთა კომენტარი.

"წელს ყურძნის უხვი მოსავალია და ხარისხიც საკმაოდ კარგია. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მეზობელ ქვეყნებში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა და რეგიონში არსებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ქართული პროდუქციისთვის მნიშვნელოვან და მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირება განაპირობა, რაც ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე უარყოფითად აისახა - მნიშვნელოვნად შემცირდა მოთხოვნა ყურძენზე. შესაბამისად, დარგის განვითრების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და წარმოების სტიმულირების მიზნით, ასევე მევენახეების ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ კვლავ ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

წინა წელს ღვინის ეროვნული სააგენტო სუბსიდიას ღვინის ქარხნებზე გასცემდა. ქარხნები ამ ფინანსურ დახმარებას იღებდნენ იმ შემთხვევაში, თუკი ყურძენს სააგენტოს მიერ დადგენილ მინიმალურ ფასზე ნაკლებად არ ჩაიბარებდნენ. გასული წლის რთველის მიმდინარეობისას ყურძენზე მაღალი ფასი დაფიქსირდა, რაც პირველ რიგში რუსული ემბარგოს მოხსნას უკავშირდებოდა. თუმცა წელს რუსეთის ეკონომიკა კრიზისშია შესული და, ამასთანავე, თავიდან დაიწყო საუბარი ქართული საექსპორტო ღვინის ხარისხზე, რაც შესაძლოა ისევე ემბარგოთი დასრულდეს, ამიტომაც ეს ფაქტორი სავარაუდოდ წელს ყურძნის ჩაბარების ფასზეც მოახდენს გავლენას. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე რთველი 2015-ის ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრა. "რთველი 2015 -ის ორგანიზებულად ჩატარებისა და პროცესში ჩართულ მხარეებს შორის მაქსიმალური კომუნიკაციის მიზნით, წელს რთველის საკოორდინაციო შტაბი თელავში განთავსდება. ამასთან, შტაბის წარმომადგენლობა გურჯაანშიც გაიხსნება. ამოქმედდება ცხელი ხაზიც და რთველი 2015-ის ვებგვერდიც, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს რთველის პროცესის მიმდინარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღების საშუალება ექნება. მომავალი კვირიდან, საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები უკვე გაემგზავრებიან კახეთში, ხოლო საკოორდინაციო შტაბი ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს გაიხსნება", - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

სახელმწიფოს მიერ სუბსიდიის გაცემა მევენახის მიერ მოყვანილი ყურძნის ფასს ზრდის, რაც მევენახეთა შემოსავლებზე დადებითად აისახება, თუმცა მსგავი პროექტები სახელმწიფოსგან გაზრდილ დანახარჯებს მოითხოვს. 

კომენტარები