თბილისი 2015

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 გაიხსნა

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი-2015 გაიხსნა. ოლიმპიური ცეცხლი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა, პარლამენტის წევრმა ზურაბ ზვიადაურმა დაანთო.

მანამდე ფესტივალი გახსნილად საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა.

სპორტსმენებს მიმართა ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა. "ჩვენ ოცნება ვაქციეთ რეალობად. ჩვენ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ. 11 სპორტული არენიდან 7 სპორტული არენა სწორედ ამ ფესტივალისთვის აშენდა. ოლიმპიური სოფელი კი სწორედ თქვენთვის აშენდა, ძვირფასო სპორტსმენებო. თქვენ გამორჩეულები ხართ, თქვენმა სიყვარულმა და თავდადებამ სპორტის მიმართ განაპირობა ის, რომ თქვენ აქ ხართ, ეს თქვენი ზეიმია. თქვენი მონაწილეობა უკვე ისტორიაა მომავალი თაობისთვის, თქვენთვის კი დიდი ნაბიჯია მომავლისკენ", - განაცხადა ახვედიანმა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერმინისტრს, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდეტს, თბილისის მერს, სპორტის მინისტრს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ფესტივალის ორგანიზებაში.

სპორტსმენებს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა მიმართა. "ეს თამაშები საქართველოს სპორტის მდგრადი განვითარების პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია. უფრო მეტიც, სტიქიის შემდეგ, ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს თბილისს. სპორტი იმედისმომცემია ნებისმიერ რთულ ვითარებაში და ევროპის მთელი ოლიმპიური ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას", -განაცხადა პატრიკ ჰიკმა.

თბილისი 2015-ის გახსნის ცერემონია თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20 საათზე დაიწყო. ცერემონია შოუ-პროგრამით და ფეიერვერკით გაიხსნა. საქართველოს ჰიმნი პაატა ბურჭულაძემ შეასრულა. სტადიონზე 50 ქვეყნის დელეგაციამ ჩაიარა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშა სტადიონზე ქართველმა ვეტერანმა სპორტსმენებმა და ოლიმპიურმა ჩემპიონებმა შემოიტანეს.

ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ პერიოდში თბილისს 50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი ეწვევა. ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება და მაყურებლებისთვის დასწრება თავისუფალი იქნება.

კომენტარები