თბილისი 2015

ომბუდსმენი: სსმ პირთა საჭიროებების იგნორირება სამწუხარო პრაქტიკაა

უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის განცხადებით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნაზე სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების ინტერესები არ გაუთვალისწინებიათ. ომბუდსმენის თქმით, საქართველოში სამწუხარო პრაქტიკას წარმოადგენს სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებების იგნორირება.

"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 26 ივლისს ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალი თბილისი 2015–ის ორგანიზატორებმა ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე დასწრების მსურველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები არ გაითვალისწინეს. ეტლით მოსარგებლე ადამიანებს შეექმნათ დაბრკოლება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თავისუფლად შესვლის, გადაადგილებისა და ღონისძიებაზე დასწრების პროცესში.

საქართველოში სამწუხარო პრაქტიკას წარმოადგენს სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებების იგნორირება. არაადაპტირებული გარემო და პირობები ხშირად ხდება ამ პირთა დისკრიმინაციის საფუძველი.

ერთ-ერთ მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2015 წლის 12 თებერვალს სპორტის სასახლეში, პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოს მიმდინარეობის დროს, საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით პირის პირდაპირი დისკრიმინაცია და გასულ კვირას რეკომენდაციით მიმართა ღონისძიების ორგანიზატორს – შეიმუშაოს შიდა დოკუმენტი (დებულება/წესები/პრინციპები), რომლითაც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების დროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მასში ღირსეულად მონაწილეობის ხელშეწყობის პრინციპები.

საქართველოს სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებას, გაითვალისწინოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის უზრუნველყოს ფიზიკური გარემოს, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისაწვდომობა, დისკრიმინაციის გარეშე", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

 

კომენტარები