საწვავის ფასები

ვისოლი მასზე დაკისრებულ 10.4 მილიონიან ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს

architravel.com

დღეს ნავთობკომპანია ვისოლ პეტროლეუმმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კომპანია არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს დასკვნას, სადაც წერია, რომ ვისოლმა კონკურენციის შესახებ კანონის მოთხოვნა დაარღვია. ვისოლ ჯგუფი მასზე დაკისრებულ 10.4 მილიონიან ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებს. ნავთობკომპანიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ ჯანსაღი კონკურენციის პირობების დანერგვის ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრუკლებით იკისრა. 

''კონკურენციის სააგენტოს მიერ ვისოლ პეტროლიუმის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, გვსურს განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ დაგვირღვევია კონკურენციის შესახებ კანონის არცერთი მოთხოვნა. გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ საქმეზე 2015 წლის 8 ივლისს კონკურენციის სააგენტოში ჩატარდა შემაჯამებელი სხდომა ყველა მხარის მონაწილეობით, სადაც ჩვენ სააგენტოს წარვუდგინეთ ჩვენი არგუმენტირებული, პროფესიული და ობიექტური პოზიცია გადაწყვეტილების პროექტში ასახულ მათ მოსაზრებებთან დაკავშირებით. ჩვენდა სამწუხაროდ სააგენტომ არ გაიზიარა არცერთი ჩვენი ობიექტური არგუმენტი და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ნეგატიურად შეაფასა ჩვენი საქმიანობა კონკურენციის შესახებ კანონთან მიმართებაში. ვაფიქსირებთ, რომ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებებს და, ბუნებრივია, შევეცდებით ჩვენი სიმართლის დამტკიცებას ჩვენდამი კანონით მონიჭებული გზებით.''- წერია ვისოლის განცხადებაში.

კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის შედეგები გუშინ გაასაჯაროვა. სააგენტო პრაქტიკულად ყველა ძირითადი მოთამაშის დაჯარიმებას ჯამში 55 მილიონი ლარით გეგმავს.

ნავთობის ბაზრის კვლევის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზამთარში მიიღო. მაშინ პრემიერი ამბობდა, რომ ნავთობის ბაზარზე ფასები უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო, თუმცა ამას კომპანიები უშლიდნენ ხელს.

საქართველოში ნავთობპროდუქტების გასაყიდი ფასი თურქეთსა და სომხეთთან შედარებით უფრო იაფია. საქართველოს მეზობელ ქვეყნებიდან საწვავი მხოლოდ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში არის უფრო იაფი.

ანალიტიკოსების შეფასებით მთავრობის მიერ კომპანიების დაჯარიმებამ შესაძლოა ნავთობპროდუქტების ფასი გაზარდოს.

კომენტარები