ჩინეთი

პარაბოლური ბირჟების ვერტიკალური დაცემა - რა ხდება ჩინეთში

შანხაის ინდექსი წელს ჯერ 155%-ით გაიზარდა, შემდეგ 32%-ით დაეცა
Bloomberg

უკვე მეათე დღეა, რაც ჩინური საფონდო ბირჟები თავისუფალი ვარდნის პროცესში არიან, საერთო დანაკარგი კი $3.9 ტრილიონს აჭარბებს. ჩინეთის ორი მთავარი ინდექსი ვარდნას განაგრძობს, ერთი თვის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით შანხაის ინდექსი 32%-ით, შენჟენის ინდექსი კი 40%-ით არის შემცირებული, Bloomberg-ის ცნობით, მსგავსი სწრაფი ვარდნა 1992 წლის შემდეგ არ ყოფილა. ანალიტიკოსები "ჩინური საპნის ბუშტის" გასკდომაზე უკვე საუბრობენ. მთავრობამ პანიკური ვაჭრობის შესაჩერებლად 1500-ზე მეტი კომპანიის აქციებით ვაჭრობა გაყინა და, ამავდროულად, ყველა კომპანიის მაჟორიტარ აქციონერებს აქციების გაყიდვა აუკრძალა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 9 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშით ჩინეთსა და საბერძნეთში მიმდინარე მოვლენების გამო 2015 წელს მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.2%-ით 3.3%-მდე შეამცირა.

რა ხდება ჩინურ ბირჟებზე?

დღეს არსებული სწრაფი ვარდნა გასული წლის მანძილზე არსებულ განსაკუთრებულად მაღალ ზრდას უკავშირდება, რის გამოც თითქმის ყველა კომპანიის აქციების ფასები მხოლოდ ერთი მიმართულებით იცვლებოდა - ანუ იზრდებოდა, რის გამოც ქვეყნის საფონდო ბაზარმა პარაბოლური ფორმა მიიღო. ასეთი ზრდის გამო 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული საფონდო ბირჟას მარტივად გამდიდრების იმედით მილიონობით ჩინელმა ინვესტორმა საფონდო ბირჟაზე დაიწყო ვაჭრობა, მეტიც, ზოგიერთი მათგანი აქციებს ვალად აღებული კაპიტალითაც ყიდულობდა, რამაც აქციების ფასების სწრაფი ზრდა და მათი პარაბოლასთან დაახლოება გამოიწვია. წინა წლის ივნისთან შედარებით შენჟენის ინდექსი 192%-ით, შანხაის ინდექსი კი 155%-ით იყო გაზრდილი, თუმცა აქციების ფასების ვარდნის გამო შანხაის ინდექსი წინა წლის ღირებულებასთან შედარებით 68%-ით მეტია, შენჟენის ინდექსი კი 70%-ით მეტი.

რამ გამოიწვია აქციების ფასების ასეთი ზრდა?

The Wall Street Journal-ის ცნობით დღეს არსებული ვარდნის მიზეზი მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს დაიწყო, როდესაც მთავრობამ ეკონომიკის გადასარჩენად მონეტარული პოლიტიკა შეარბილა და ბიზნესის დასახმარებლად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები დახარჯა. ჩინეთის პოლიტიკა ერთი მხრივ წარმატებით დასრულდა, რადგანაც ქვეყანამ ეკონომიკური ზრდა დაიბრუნა, მეორე მხრივ კი, ამან უძრავი ქონების სექტორში ბუშტის წარმოქმნას შეუწყო ხელი. 2014 წლიდან კი უკვე აშკარა გახდა, რომ უძრავი ქონების ბაზარი ხელოვნურად იყო გაბერილი, რასაც ქონებაზე ფასების დაწევა მოჰყვა. ამის გამო მთავრობამ შერბილებული მონეტარული პოლიტიკა კიდევ ერთხელ შეარბილა, რათა მოსახლეობას უძრავი ქონების შეძენა გამარტივებოდა და ამ ბაზარზე მოთხოვნა კვლავ დაებრუნებინა, თუმცა საპასუხოდ ინვესტორებმა არა უძრავი ქონების სექტორში დააბანდეს ახალი კაპიტალი, არამედ საფონდო ბირჟებისკენ გადაინაცვლეს, რაც წლების მანძილზე სტაბილურად მზარდი შემოსავლებით გამოირჩეოდა. 

აქციების ფასების ასეთ ზრდას ავსტრიული ბიზნეს ციკლის თეორიაც ხსნის, რომლის მიხედვითაც ხელოვნურად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში ძალიან მაღალი ტემპით იზრდება კრედიტების მოცულობა, რაც შემდეგომში "ცუდი ინვესტიციების" მიზეზი ხდება. ცუდ ინვესტიციას ამ შემთხვევაში საფონდო ბირჟები წარმოადგენდნენ. ასეთი ცუდი ინვესტიციები შემდეგომში იწვევენ ბუმს, რადგანაც მესამე პირი ხედავს, რომ ბაზარი ბუმის პერიოდში ძალიან მაღალი ტემპით იზრდება და მის მიერ მოტანილი შემოსავლებიც სტაბილურად მზარდია, ამიტომაც ამ ბაზარში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება, რის გამოც ფასების გრაფიკი სულ უფრო მეტად იღებს პარაბოლურ ფორმას, ამ პერიოდს თეორიის მიხედვით ბუმი ეწოდება. ფასები კი ამ დროს რეალობისგან მოწყვეტილი ხდება, რადგანაც არარეალურად არის გაზრდილი. ბაზრის მონაწილეთა განწყობების გაუარესების შემთხვევაში ფასების სწრაფი ვარდნა გარდაუვალია, ფასების ვარდნას კი რეცესია მოჰყვება. 

შედეგად კი ჩინეთში შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ საფონდო ბირჟის ტრეიდერების რაოდენობამ 10 მილიონით გადააჭარბა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის წევრთა რაოდენობას. ქვეყნის მოსახლეობის 6% ანუ დაახლოებით 90 მილიონი ადამიანი ყოველდღიურად ქვეყნის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობს, მათი ნაწილი ვაჭობისთვის ნასესხებ კაპიტალს იყენებს.

ავსტრიული ბიზნეს ციკლის მიხედვით სახელმწიფოები მუდამ იგივე შეცდომებს იმეორებენ, როდესაც რეცესიის პერიოდის ინტერვენციებით შველას ცდილობენ, რადგანაც ამ დროს ისინი ხელს უწყობენ ახალი ბუმის გაჩენას, რასაც რეცესია მოჰყვება. ასევე ეს ინტერვენციები დიდ საბიუჯეტო დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ინტერვენციების დროს გაზრდილი ხარჯვა კი თავის მხრივ ბიუჯეტის დეფიციტს ზრდის, რადგანაც მთავრობები რეცესიის დროს ინტერვენციებისთვის საჭირო ფულის ნაწილს სესხულობენ, რაც შემდგომში გაზრდილ ვალში აისახება და მომავალი რეცესიის შემთხვევაში შეიძლება უფრო დიდი დანაკარგით დასრულდეს ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო რეცესიის დროს დიდი ინტერვენციებისგან თავს შეიკავებდა, რაც ჩინეთის შემთხვევაშიც მოხდა, რადგანაც ქვეყანამ ინტერვენციები მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს დაიწყო, რითიც ხელი შეუწყო საფინანსო ''ბუშტის" ჩამოყალიბებას

რამ გამოიწვია აქციების ფასების სწრაფი ვარდნა?

ჩინურმა ბირჟებმა პიკურ წერტილს 12 ივნისს მიაღწიეს, როდესაც ქვეყნის საფონდო ბირჟებში არსებული კაპიტალის მოცულობამ ისტორიაში პირველად $10 ტრილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის მთავრობის წევრებმა უკვე დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ აქციების ფასები არარეალურად იყო გაზრდილი, რაც მომავალში გარკვეული რისკის შემცველი იქნებოდა. მრავალი ასეული კომპანიის აქციების ფასი არარეალურად გაიზარდა, რამაც მათზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია. ამავდროულად, მრავალ წამყვან კომპანიას დაგეგმილთან შედარებით უფრო მცირე მოგება ჰქონდა, რამაც ამ კომპანიების აქციების ფასების კლება გამოიწვია. ბირჟებზე პანიკური ვაჭრობა ივლისიდან დაიწყო, არსებული ვარდნის კიდევ ერთი მიზეზი ევროპელი ინვესტორების მოლოდინების გაუარესებაა, რაც ევროზონის კრიზისს უკავშირდება. $3.9-ტრილიონიანი ვარდნის გამო მრავალმა მოვაჭრემ ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა.  

რას აკეთებს მთავრობა ვარდნის შესაჩერებლად?

აცქიების ფასების მკვეთრი ვარდნის გამო მთავრობამ ზომების მიღება უკვე დაიწყო, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები შეამცირა, ასევე ჩინური საპენსიო ფონდების მეშვეობით ბირჟებზე ინტერვენციები მოახდინა, მთავრობამ უკვე შეისყიდა $20 მილიარდის ღირებულების აქციები, თუმცა საერთო დაღმავალი ტრენდის შეჩერება ამ გზით ვერ მოხერხდა. მთავრობამ ასევე ახალი კომპანიების მიერ აქციების ბაზარზე გატანის პროცესი (IPO) შეაჩერა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ჩინეთში მიმდინარე მოვლენები მსოფლიოსთვის?

გასული ორი ათწლეულის მანძილზე ჩინეთი მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, ის საშუალოდ ყოველწლიურად 10%-ით იზრდებოდა, ბოლო სამი წლის მანძილზე კი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შედარებით შენელდა და ის ახლა დაახლოებით 7%-ს შეადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს ჩინეთის ეკონომიკა 6.8%-ით გაიზრდება. დღეს არსებული ვითარების ფინანსურ კრიზისში გადაზრდის რისკი ჯერჯერობით დაბალია, რადგანაც ჩინეთის საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია ქვეყნის ეკონომიკის 30%-ს შეადგენს. საფონდო ბირჟაზე საბანკო სექტორიც არ არის ფართოდ წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ აქციების ვარდნა საბანკო კრიზისში არ გადაიზრდება. თუმცა მოვლენების საბანკო კრიზისად გადაზრდის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა სავარაუდოდ რეცესიაში აღმოჩნდება, რაც გავლენას მთელი მსოფლიოს ეკონომიკურ ზრდაზე მოახდენს. 

ჩინური ბირჟების ვარდნა აზიურ ბაზრებზე უკვე აისახა. ჩინური საფონდო ბირჟების ვარდნამ უკვე გავლენა მოახდინა აზიურ ბაზრებზე. ივლისში იაპონური Nikkei 225 4%-ით შემცირდა, ავსტრალიურმა საფონდო ბირჟებმა ვაჭრობა საშუალოდ 2%-იანი კლებით დაასრულეს, ასევე 4%-იანი წაგებით დაასრულეს ვაჭრობა სამხრეთკორეულმა საფონდო ბირჟებმა.

ჩინეთში მიმდინარე მოვლენების გამო ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე $51-მდე შემცირდა, სპილენძის ფასები ექვსი წლის მინიმუმზე დავიდა, ნიკელის ფასები კი გასული კვირის მანძილზე 15%-ით შემცირდა.

კომენტარები