ციფრული მაუწყებლობა

13 ივნისის სტიქიის გამო მთავრობამ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა გადადო

Getty Images

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღი 17 ივნისიდან 1 ივლისამდე გადადო. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სტიქიური მოვლენების გამო მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მოსახლეობისთვის, რომელმაც უდიდესი სტრესი მიიღო, დამატებითი დისკომფორტი არ შეექმნა, ამიტომაც გადასვლის თარიღმა სავარაუდოდ 1 ივლისამდე გადაიწია.

დღეისთვის მიწისზედა ციფრული და მიწისზედა ანალოგური მაუწყებლობის სიგნალი პარალელურ რეჟიმში ვრცელდება, ციფრულ მაუწყებლობაზე სრული გადართვა კი ანალოგური სიგნალის გათიშვას გამოიწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც ტელევიზორს მხოლოდ სახლის ანტენით უყურებს, პლატფორმის შეცვლა მოუწევთ, რადგანაც სხვა შემთხვევაში ისინი ტელევიზორს უბრალოდ ვეღარ უყურებენ. სახელმწიფომ ააგო და ექსპლუატაციაში გაუშვა ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის გავრცელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. საქართველოში ციფრული და ანალოგური სიგნალის პარალელური გავრცელება 2015 წლის მარტიდან დაიწყო. დღეისთვის ტელეკომპანია ტაბულას ყურება, როგორც ანალოგური სიგნალის, ისევე ციფრული მიწისზედა პლატფორმის საშუალებით არის შესაძლებელი. 

მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც ტელევიზორს სახლის ანტენით უყურებს და სურს, რომ მიწისზედა ციფრული სიგნალი მიიღოს, ორი ძირითადი არჩევანი აქვს: მათ შეუძლიათ შეიძინონ ტელევიზორი, რომელსაც DVB-T2-ის სტანდარტის დეკოდერი აქვს. მოსახლეობას ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალის მიღება ასევე Set-top box-ის საშუალებით შეუძლია. Set-top box-ი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში საშუალოდ 40-80 ლარი ღირს. მომხმარებელმა Set-top box-ის შეძენის დროს უნდა გადაამოწმოს, თუ არის აღნიშნული Set-top box-ი DVB-T2-ის სტანდარტის. სახელმწიფო 211 ათას სოციალურად დაუცველ ოჯახს, მათ შორის, შშმ პირთა ოჯახებს Set-top box-ებს უსასყიდლოდ გადასცემს. 

მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა Set-top box-ის შეძენამდე გადაამოწმოს, თუ აქვს მის ტელევიზორს RCA, SCART ან HDMI-ის კაბელის შესაერთებელი სლოტი. თუკი არცერთი მათგანი ტელევიზორს არ უერთდება, იმისთვის, რომ ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალს უყურონ, მომხმარებლებს ტელევიზორის გამოცვლა მოუწევთ.

მათ, ვინც დღეისთვის ტელევიზორს სახლის ანტენით უყურებს და არ სურს, რომ გადაერთოს ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობის სტანდარტზე, შეუძლიათ მიწისზედა ანლოგური პლათფორმიდან გადაერთონ: ციფრულ საკაბელო ტელევიზიაზე, ანალოგურ საკაბელო ტელევიზიაზე, ციფრულ სატელიტურ ტელევიზიაზე ან IP ტელევიზიაზე. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პლატფორმა რეგიონებში ხელმისაწვდომი არაა. 

საქართველომ ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის ვალდებულება 2006 წელს ჟენევის ხელშეკრულებით აიღო. მიწისზედა ანალოგური სიგნალი ჯერ თბილისში გაითიშება, რეგიონები კი ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე მოგვიანებით გადაერთვებიან.

 

კომენტარები