ციფრული მაუწყებლობა

59-წლიანი გავრცელების შემდეგ თბილისში ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობა გაითიშა

blogspot.com

59-წლიანი გავრცელების შემდეგ, თბილისის დროით 10:00-ზე, დედაქალაქსა და მის შემოგარენში მიწისზედა ანალოგური მაუწყებლობა გაითიშა, რითიც საქართველოს ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე ეტაპობრივი გადასვლა დაიწყო. ამ დროისთვის ტელევიზორს დედაქალაქის მხოლოდ ის მცხოვრებლები ვერ უყურებენ, ვინც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით პლატფორმული ცვლილება არ განახორციელა. ეს ეხებათ მხოლოდ და მხოლოდ მათ, ვინც აქამდე ტელევიზორს სახლის ანტენით უყურებდა.

საქართველოში ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობა 1956 წელს დაიწყო. თავდაპირველად მოსახლეობას მხოლოდ შავ-თეთრი გამოსახულება მიეწოდებოდა, ტექნიკური პროგრესის გამო მომავალში უკვე შესაძლებელი გახდა იმავე ანალოგური სიგნალის ფარგლებში ფერადი გამოსახულების გადაცემა. თუმცა თავად მიწისზედა ანალოგური მაუწყებლობა დღეისათვის საკმაოდ მოძველებულია და მისი თანამედროვე ციფრული მაუწყებლობით ჩანაცვლების ვალდებულება საქართველომ ჯერ კიდევ 2006 წელს ჟენევის ხელშეკრულებით აიღო.

მარტიდან მოყოლებული დღემდე ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალი ანალოგურ სიგნალთან ერთად პარალელურ რეჟიმში ვრცელდებოდა. სახელმწიფომ ააგო და ექსპლუატაციაში გაუშვა ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის გავრცელებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე ციფრული მაუწყებლობის კომერციულმა ოპერატორმა "სტერეო+"-მა 17 ივნისიდან თბილისი ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადართო.

ისინი, ვინც ტელეკომპანია ტაბულას აქამდე მხოლოდ სახლის ანტენით უყურებდნენ, პლატფორმული ცვლილების შემდეგ მის ციფრულ პლატფორმაზე ნახვას შეძლებენ.

მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც ტელევიზორს სახლის ანტენით უყურებს და სურს, რომ მიწისზედა ციფრული სიგნალი მიიღოს, ორი ძირითადი არჩევანი აქვს: მათ შეუძლიათ შეიძინონ ტელევიზორი, რომელსაც DVB-T2-ის სტანდარტის დეკოდერი აქვს. მოსახლეობას ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალის მიღება ასევე Set-top box-ის საშუალებით შეუძლია. Set-top box-ი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში საშუალოდ 40-80 ლარი ღირს. მომხმარებელმა Set-top box-ის შეძენის დროს უნდა გადაამოწმოს, თუ არის აღნიშნული Set-top box-ი DVB-T2-ის სტანდარტის. სახელმწიფომ 211 ათას სოციალურად დაუცველ ოჯახს, მათ შორის, შშმ პირთა ოჯახებს Set-top box-ები უსასყიდლოდ გადასცა. 

მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა Set-top box-ის შეძენამდე გადაამოწმოს, თუ აქვს მის ტელევიზორს RCA, SCART ან HDMI-ის კაბელის შესაერთებელი სლოტი. თუკი არცერთი მათგანი ტელევიზორს არ უერთდება, იმისთვის, რომ ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალს უყურონ, მომხმარებლებს ტელევიზორის გამოცვლა მოუწევთ.

მათ, ვინც დღეისთვის ტელევიზორს სახლის ანტენით უყურებს და არ სურს, რომ გადაერთოს ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობის სტანდარტზე, შეუძლიათ მიწისზედა ანლოგური პლატფორმიდან გადაერთონ: ციფრულ საკაბელო ტელევიზიაზე, ანალოგურ საკაბელო ტელევიზიაზე, ციფრულ სატელიტურ ტელევიზიაზე ან IP ტელევიზიაზე. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პლატფორმა რეგიონებში ხელმისაწვდომი არაა. 

მიწისზედა ანალოგური სიგნალი ჯერ თბილისში გაითიშება, რეგიონები კი ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე მოგვიანებით გადაერთვებიან. გადართვის სრული გრაფიკი კი ასე გამოიყურება:

1) 2015 წლის 1 ივლისიდან მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება თბილისში.

2) 2015 წლის 9 ივლისს 10:00 საათზე - ქ. გორში, ბეკამში, დუშეთში, ქ. ხაშურში;  

3) 2015 წლის 18 ივლისს 10:00 საათზე ქ. ქუთაისში, ქ. ტყიბულში, ცაგერში, ქ. ფოთში, ქ. ჩოხატაურში, ქ. ოზურგეთში, ქ. ზესტაფონში, მარტვილში, ქ. სამტრედიაში, ქ. ხონში, ქ. სენაკში;

4) 2015 წლის 30 ივლისს 10:00 საათზე ქ. ბათუმში, ხულოში, ქედასა და შუახევში;

5) 2015 წლის 6 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ჯვარში;

6) 2015 წლის 18 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. ბორჯომში, ქ. ბაკურიანში, აბასთუმანში, ქ. ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში;

7) 2015 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათზე დმანისში, ქ. ბოლნისში, წალკაში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ამბროლაურში, ქ. ლენტეხში, ქ. მესტიაში, ჭიათურასა და საჩხერეში.

 

კომენტარები