ციფრული მაუწყებლობა

ქუმსიშვილი: ციფრული მაუწყებლობის ბიუჯეტი 20 000 000 ლარი იქნება

reportiori.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ციფრული მაუწყებლობის ბიუჯეტი 20 000 000 ლარი იქნება.

ციფრული მაუწყებლობის სააგენტო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმის განხორციელებას უზრუნველყოფს. კერძოდ, იმუშავებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმღები მოწყობილობებით აღჭურვაზე, საინფორმაციო კამპანიის წარმოებასა და საჭირო საკონსულტაციო მომსახურების შეძენაზე. სააგენტოს პირველ ეტაპზე ნინო ქუბინიძე უხელმძღვანელებს.

ციფრული მაუწყებლობის სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში დაფინანსდება.

ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ დღეს იმ მიმღებების სავარაუდო ღირებულებაც დაასახელა, რომელიც მოსახლეობას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ დასჭირდება. ქუმსიშვილის თქმით, მიმღებების ღირებულება დაახლოებით 30-35 დოლარი იქნება.

"ჩვენ უკვე მოძიებული გვაქვს ბაზრები, თუმცა კონტრაქტის დონეზე ჯერ მისული არ ვართ. ამასთანავე, რამდენიმე დღის წინ "ინტერპრესნიუსზე" გავეცანი სასიამოვნო ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქართველი მწარმოებლები მიმღები მოწყობილობების წარმოებას გეგმავენ. ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, საჭირო სპეციფიკაციების ნახვა კი, მათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე შეუძლიათ", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ციფრულ მაუწყებლობაზე საქართველო 2015 წლის 17 ივნისიდან გადავა.

კომენტარები