ციფრული მაუწყებლობა

ანალოგური სატელევიზო გადამცემი სადგურების გათიშვის გრაფიკი საქართველოში

Getty Images

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ანალოგური სატელევიზო გადამცემი სადგურების გათიშვის გრაფიკს აქვეყნებს.

  • 2015 წლის 1 ივლისიდან მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშება თბილისში;
  •  2015 წლის 9 ივლისს 10:00 საათზე - ქ. გორში, ბეკამში, დუშეთში, ქ. ხაშურში;
  •  2015 წლის 18 ივლისს 10:00 საათზე ქ. ქუთაისში, ქ. ტყიბულში, ცაგერში, ქ. ფოთში, ქ. ჩოხატაურში, ქ. ოზურგეთში, ქ. ზესტაფონში,  მარტვილში, ქ. სამტრედიაში, ქ. ხონში, ქ. სენაკში;
  •  2015 წლის 30 ივლისს 10:00 საათზე ქ. ბათუმში, ხულოში, ქედაში და შუახევში;
  •  2015 წლის 6 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში და ჯვარში;
  •  2015 წლის 18 აგვისტოს 10:00 საათზე ქ. ბორჯომში, ქ. ბაკურიანში, აბასთუმანში, ქ. ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში და ნინოწმინდაში;
  •  2015 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათზე დმანისში, ქ. ბოლნისში, წალკაში, ყაზბეგში,  თიანეთში, ონში, ამბროლურში,  ქ. ლენტეხში, ქ. მესტიაში, ჭიათურაში და საჩხერეში.

საქართველო ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე 2015 წლის პირველ ივლისს გადადის. ტელემაუწყებლობის გავრცელების და მიღების რეჟიმი არსებითად იცვლება. თბილისში პირველი ივლისიდან ქართული პროგრამები ღია ეთერში ციფრულ ფორმატში გავრცელდება. 

მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც ტელევიზორს სახლის ანტენით უყურებს და სურს, რომ მიწისზედა ციფრული სიგნალი მიიღოს, ორი ძირითადი არჩევანი აქვს: მათ შეუძლიათ, შეიძინონ ტელევიზორი, რომელსაც DVB-T2-ის სტანდარტის დეკოდერი აქვს.

მოსახლეობას ციფრული მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალის მიღება ასევე Set-top box-ის საშუალებით შეუძლია. Set-top box-ი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში საშუალოდ 40-80 ლარი ღირს. მომხმარებელმა Set-top box-ის შეძენის დროს უნდა გადაამოწმოს, თუ არის აღნიშნული Set-top box-ი DVB-T2-ის სტანდარტის.

სახელმწიფო 211 ათას სოციალურად დაუცველ ოჯახს, მათ შორის, შშმ პირთა ოჯახებს Set-top box-ებს უსასყიდლოდ გადასცემს.

მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა Set-top box-ის შეძენამდე გადაამოწმოს, თუ აქვს მის ტელევიზორს RCA, SCART ან HDMI-ის კაბელის შესაერთებელი სლოტი. თუკი არცერთი მათგანი ტელევიზორს არ უერთდება, იმისთვის, რომ ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობის სიგნალს უყურონ, მომხმარებლებს ტელევიზორის გამოცვლა მოუწევთ. მათ, ვინც დღეისთვის ტელევიზორს სახლის ანტენით უყურებს და არ სურს, რომ გადაერთოს ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობის სტანდარტზე, შეუძლიათ მიწისზედა ანალოგური პლატფორმიდან გადაერთონ: ციფრულ საკაბელო ტელევიზიაზე, ანალოგურ საკაბელო ტელევიზიაზე, ციფრულ სატელიტურ ტელევიზიაზე ან IP ტელევიზიაზე. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პლატფორმა რეგიონებში ხელმისაწვდომი არაა.

საქართველომ ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის ვალდებულება 2006 წელს ჟენევის ხელშეკრულებით აიღო. 

კომენტარები