საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

ბოკერია: ივანიშვილი ჩვენს შარში გახვევას აგრძელებს

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ივანიშვილი ქვეყნის "შარში გახვევას აგრძელებს".

"ივანიშვილმა თავის მარიონეტებთან ერთად ბოლო 3 წლის განმავლობაში დაანგრია ჩვენი ეკონომიკა, გაზარდა უმუშევრობა და სიღარიბე, გააუფასურა ლარი და აგრძელებს ჩვენს შარში გახვევას მუდმივად. ჯერ ხომ პირდაპირ თქვა, რომ თვითონ წყვეტს, ვინ დაიჭიროს და ვინ არა - ეს ისედაც ვიცოდით. ამით ერთობა, ეს აინტერესებს. ახლა ქვეყნის შიგნით ეროვნული ბანკის დანგრევა უნდა, როგორც ინსტიტუტის და გარეთ სავალუტო ფონდთან არის კონფლიქტში, მთავარ მასტაბილიზირებელ ფაქტორთან ჩვენი მაკროეკონომიკური თვალსაზრისით. ბოლომდე უნდა, რომ უფსკრულში გადაგვჩეხოს - ამიტომ არის ჩვენი საზოგადოების გადაუდებელი ამოცანა, რომ რაც შეიძლება სწრაფად, მშვიდობიანი, კონსტიტუციური და საარჩევნო გზით ეს კაცი ჩამოაშოროს ხელისუფლებას და გამოცვალოს ეს მისი მარიონეტების არაკომპეტენტური გუნდი", - თქვა ბოკერიამ.

გუშინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერობისას მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი იყო და მთხოვა პირად შეხვედრაში და ეს მართლაც გავითვალისწინე და ვუთხარი, რომ ის, რაც პირადია და პირადი იყო ამ დროს ქართუ ბანკი.. და იცოდნენ მათაც, რომ მან [გიორგი ქადაგიძემ] კანონი დაარღვია და რომ ის დასაჭერია. ისე კი არ უთქვია, რომ ის დასაჭერი არ არის - "ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, იქნებ, აპატიოთ". მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, მე შემიძლია, ეს გავაკეთო და მართლაც, პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ნოდარ ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა. მაგრამ საერთო საქმეები და მე მასაც განვუმარტე, ვინც მთხოვა, გიორგი ქადაგიძესაც შევხვდი იმის შემდეგ და განვუმარტე, რომ თუ მას სახელმწიფოს წინაშე აქვს რაიმე დარღვევა ჩადენილი, რა თქმა უნდა, მე ვერც ერთნაირად ხელს ვერ დავაფარებდი. როგორც ჩანს, მას აქვს კიდევ დარღვევები. თუმცა, ამ დარღვევებს დამტკიცება სჭირდება და ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს", - თქვა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, აზიმ სადიკოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, ორგანიზაციას არ გამოუთქვამს და ვერც მომავალში გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ცალკეული ქვეყნის სამართალწარმოებაზე ან ერთეული პირის კანონთან მიმართებაზე. რადგან ეს მათი მანდატი არ არის.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დღეს, 15:00 საათზე ბრიფინგს გამართავს და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უპასუხებს.

კომენტარები