ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

თბილისისთვის სამხედროების შესაძლო დანაშაულზე ოფიციალურად არ უცნობებიათ

facebook.com/mod.gov.ge

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ფრანგული კონტინგენტის ჯარისკაცებთან ერთად ბავშვებზე ძალადობაში ქართველი სამხედროების შესაძლო მონაწილეობის შესახებ თბილისს ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განუცხადა.

„ჩვენი ძირითადი კონტინგენტი იქიდან გამოვიდა მარტში, ახლა არის დარჩენილი 5 სამხედრო მოსამსახურე. ქართულ მხარეს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია. ვიცით, რომ დაწყებულია საერთაშორისო გამოძიება. იმედი მაქვს, ქართველი ჯარისკაცების ამ ფაქტში მონაწილეობა არ დადასტურდება. თუმცა, თუ რაიმე შეტყობინებას მიიღებს ქართული მხარე, საერთაშორისო გამოძიებაში აუცილებლად ჩავერთვებით", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილე 14 ფრანგი სამხედროს მიმართ ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, - ცნობას ამის შესახებ AFP ავრცელებს. მანამდე ბრიტანული გამოცემა Guardian წერდა, რომ ბავშვებზე ფრანგი სამხედროების სექსუალური ძალადობის შესახებ გაეროს საიდუმლო მოხსენებაშია აღნიშნული, რომელიც ორგანიზაციის თანამშრომელმა გაასაჯაროვა.

ქართულმა მედიამ ქართველ ჯარისკაცთა დანაშაულში მონაწილეობის შესახებ ცნობა ფრანგული ინტერნეტგამოცემა franceinfo.fr-ის ცნობაზე დაყრდნობთ გაავრცელა, რომელსაც ორი თვითმხილველის მონაყოლი მოჰყავს ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილი ძალადობის შესახებ. თუმცა, რომელიმე სხვა წყარო ქართველი სამხედროების მონაწილებას ძალადობაში არ ადასტურებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ  კაპანაძის განცხადებით, იმ პერიოდში, რა პერიოდიც სახელდება დანაშაულის ჩადენის თარიღად (2013 წლის დეკემბერი-2014 წლის ივნისი), ქართველი სამხედროები ცენტრალურ აფრიკაში საერთოდ არ იმყოფებოდნენ.

„არც ოფიციალურად, არც სიტყვიერად, ჩვენთვის ფრანგულ მხარეს არ მოუმართავს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჯერ საერთოდ იდენტიფიცირებული არ არის, ვინ იყვნენ ეს ჯარისკაცები. ამბობენ, რომ ეს ხალხი იყო კოალიციიდან, მაგრამ იქ არ არის ლაპარაკი არც ესპანელებზე, არც ქართველებზე, არც იტალიელებზე, არც ფრანგებზე და ა. შ. რომ ყოფილიყო რაიმე შემთხვევა ქართული კონტინგენტის სამსახურის მხრიდან, იქ არსებობდა სამხედრო პოლიცია, რომელიც ვალდებული იყო, ჩაეტარებინა ძიება. იმ თარიღზე, რომელზეც საუბრობენ, იმ დროს საქართველოს შეიარაღებული ძალები ცენტრალური აფრიკის ოპერაციაში არ მონაწილეობდა. ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. თუმცა 95 პროცენტით ეჭვი მეპარება, რომ ქართველმა სამხედროებმა დანაშაული ჩაიდინეს“, - განუცხადა ჟურნალისტებს კაპანაძემ.

მისივე თქმით, თუ დანაშაული ქართული სამხედრო კონტინგენტის მხრიდან დადასტურდა, მაშინ ყველა ის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, უმკაცრესად დაისჯება.

საფრანგეთის მთავრობამ დღეს დაადასტურა, რომ ამ დანაშაულების შესახებ მისთვის გასული წლის ივლისში გახდა ცნობილი და მაშინვე გამოძიება დაიწყო.

ქართული ასეული ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიას ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში 2014 წლის ივნისიდან ასრულებდა. ქართველი სამხედროები ფრანგებთან ერთად დედაქალაქის აეროპორტს პატრულირებდნენ, სადაც, გაეროს მოხსენების თანახმად, ბავშვებზე ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დღეს პირობა დადო, რომ იომ შემთხვევაში, თუ გამოძიებამ დანაშაული დაადასტურა, ყველა დამნაშავე დაისჯება.

კომენტარები