დაპირისპირება გურჯაანში

NGO-ები: პრემიერმინისტრმა ხელი შეუწყო ძალადობის ესკალაციას

მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერმინისტრს, თავი შეიკავოს განცხადებებისგან, რომელი ძალადობის აშკარა და დაუფარავი წახალისების ტოლფასია და კონფლიქტური სიტუაციის ესკალაციას იწვევს, - წერია განცხადებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს.

„ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით უკანასკნელ დღეებში გურჯაანში განვითარებულ მოვლენებს, ვგმობთ საზოგადოებისადმი გამოხატულ აშკარა უპატივისცემლობის ფაქტებს, რომლებიც შესაძლოა ასევე შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს“, - წერია განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 20 აპრილს გურჯაანის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტებთან ერთად, შეიჭრნენ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის სამუშაო ოთახში და მას და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებს შენობის დატოვება აიძულეს. მიუხედავად გამგეობის შენობასთან მობილიზებული ათეულობით პოლიციელისა, მათ ვერ უზრუნველყვეს მომხდარის ეფექტურად აღკვეთა.

„აღსანიშნავია, რომ შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ბუბუნაური, გურჯაანის პოლიციის უფროსი გიორგი კრაწაშვილი და სხვები მოვლენებს რამდენიმე მეტრიდან აკვირდებოდნენ. დაპირისპირებას ასევე თვალს ადევნებდნენ გურჯაანის გამგებელი გივი გერგიძე, მისი მოადგილეები ელგუჯა გიორგაძე და დიმიტრი კალატოზიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, მისი მოადგილე რესპუბლიკური პარტიიდან ზვიად ყვირალაშვილი და სხვები“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური ძალის გამოყენებით პარლამენტის წევრის სამუშაო ოთახში შეჭრისას განსაკუთრებით აქტიურობდნენ გამგეობის ქონების მართვის განყოფილების უფროსი დავით ნიკოლაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დურმიშხან ამისულაშვილი, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ხაზიური, საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ზაქრო ქაჩლიშვილი, სოფელ ვეჯინის რწმუნებული კუკური ჯამატაშვილი, ქალაქ გურჯაანის რწმუნებული დიმიტრი არევაძე და სხვები. დაპირისპირების ფაქტები 21 აპრილსაც დაფიქსირდა, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გურჯაანში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეჩერებული პროექტები გააპროტესტეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას იწვევს ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, რომელმაც აქტივისტების ქმედება მოიწონა.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გურჯაანის მოვლენებთან დაკავშირებით 21 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში, მოიწონა აქტივისტების საქციელი და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის ქმედებებს გურჯაანის მოსახლეობამ სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა, რითაც ფაქტობრივად ხელი შეუწყო ძალადობის ესკალაციას. პოლიციის უმოქმედობით და პრემიერმინისტრის ზემოხსენებული შეფასებით გამხნევებულმა თავდამსხმელებმა მაჟორიტარ დეპუტატზე შეტევა 22 აპრილსაც გააგრძელეს, რა დროსაც შენობაში შეკრებილმა ქართული ოცნების აქტივისტებმა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს კვერცხები (ინკუბაციური პერიოდის) ესროლეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, გამგეობის შენობაში რამდენიმე პოლიციელიც იმყოფებოდა, თუმცა მათ ქართული ოცნების წევრების მიმართ არავითარი გამაფრთხილებელი მოწოდება არ გაუკეთებიათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შესაბამის ორგანოებს, მიიღონ სათანადო ზომები, რათა მოხდეს მომხდარის დროული და მიუკერძოებელი გამოძიება. ასევე, უზრუნველყოფილ იქნეს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმისა და კორუფციული გარიგებების შესაძლო ფაქტების შესწავლა და სათანადო რეაგირება.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მედიის განვითარების ფონდი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

იდენტობა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი

საფარი

კომენტარები