დაპირისპირება გურჯაანში

პრემიერი გურჯაანის ინციდენტზე: მოსახლეობის რეაქცია იყო მძაფრი, მაგრამ გასაგები

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გურჯაანში მომხდარ დაპირისპირება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროვოცირებული იყო. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ოპოზიციამ "დესტრუქციული მეთოდებით სცადა რაიონის გამგეობის პარალიზება". ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, მოსახლეობის რეაქცია იყო მძაფრი, მაგრამ გასაგები. მან მოუწოდა ოპოზიციას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ "ასეთი მძაფრი გამოხატულებისგან". 

"მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო გურჯაანის ინციდენტს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ყველასთვის არის ძალიან სამწუხარო ფაქტი ის, რაც მოხდა, რაც ჩვენ ვიხილეთ, მაგრამ მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს ყველას, რომ ეს იყო პროვოცირებული ე.წ ოპონენტების, ოპოზიციის მხრიდან. ძალიან ცუდია, რომ ასე უხეშად, ასეთი დესტრუქციული მეთოდებით მათ სცადეს რაიონის გამგეობის მუშაობის შეფერხება და პარალიზება. სამწუხაროა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და მწვავე, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა პირობებში ცხოვრობდა მოსახლეობა, ასე რომ, რეაქცია, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის მიუღებელი, მაგრამ მეორეს მხრივ, ეს მათი აგრესია არის გასაგები... ამ მოსახლეობის აგრესია... ასე რომ კიდევ ერთხელ, მე მინდა, ყველას მოვუწოდო, როგორც ოპოზიციას, ასევე, მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ასეთი მძაფრი გამოხატულებისგან" - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს არ წაადგება ქვეყანას.

"განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა ჩვენ განსაკუთრებულად ვემზადებით რიგის სამიტისთვის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა რაიონში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა" - თქვა პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებითვე, ენმ-ის განცხადებები გურჯაანში ნეპოტიზმსა და კორუფციაზე, დადგმული სპექტაკლია. 

"თუ რამე კითხვები აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუ ისინი მართლა გულწრფელები არიან, არსებობენ შესაბამისი უწყებები და მათ შეუძლიათ, მიმართონ. ამხელა ალიაქოთი... რა თქმა უნდა, ეს არის ხელოვნური... არავითარი ნეპოტიზმის და არავითარი კორუფციის ფაქტი იქ არ არის. თუ არის მსგავსი რამ, ამას შეისწავლიან და მოახდენენ რეაგირებას შესაბამისი უწყებები - არსებობს პოლიცია, არსებობს ფინანსური სამსახური და არსებობს პროკურატურა. ეს ყველაფერი არის დადგმული სპექტაკლი. მათი სურვილი და ამოცანაა, რომ როგორმე შეაფერხონ და პარალიზება მოახდინონ ადგილობრივი ხელისუფლების, მათი მუშაობის. რეაქციაც, ასევე, კიდევ ვიმეორებ, იყო მწვავე მოსახლეობის მხრიდან, მაგრამ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მართლა ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ხალხის აგრესია შეგვეჩერებინა. და ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ, რომ მოვუწოდოთ ჩვენს ამომრჩევლებს, ჩვენს მხარდამჭერებს, რომ მაქსიმალურად სიშვიდე შეინარჩუნონ" - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

გურჯაანის გამგეობაში ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ენმ-ის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს კაბინეტის დაცლა მოსთხოვეს. ღვინიაშვილმა მოთხოვნაზე უარი თქვა, პოლიტიკურმა ოპონენტებმა კი, მისი ძალით გაყვანა სცადეს და ოპოზიციას ინკუბაციური პერიოდის კვერცხებიც ესროლეს. ადგილზე სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო. საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გურჯაანის მოვლენებთან დაკავშირებით 21 აპრილს განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ქმედებებს გურჯაანის მოსახლეობამ სამართლიანად და ადეკვატურად უპასუხა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამით პრემიერმა ფაქტობრივად ხელი შეუწყო ძალადობის ესკალაციას. 

კომენტარები