შალვა აბულაძის საქმე

ომბუდსმენი ბადაშვილს აბულაძეზე შესაძლო ფიზიკური ზეწოლის გამოძიებას სთხოვს

radiotavisupleba.ge/

სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურორისგან ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. შესაბამისი წინადადებით უჩა ნანუაშვილმა გიორგი ბადაშვილს უკვე მიმართა. ომბუდსმენის ინფორმაციით, შალვა აბულაძე ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, კერძოდ, 2015 წლის 10 და 11 აპრილს მის მიმართ არაერთგზის განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში (ორთაჭალა), ისე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებასა და საბადრაგო სამსახურის მანქანაში.

"ბრალდებულ შ.ა.-ს განცხადებით, მის მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საბადრაგო სამსახურისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების თანამშრომლები. ბრალდებულის განმარტებით, იგი შეძლებს დამნაშავე პირების ამოცნობასა და სახელების გახსენებას. 

2015 წლის 16 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოახდინეს ბრალდებულ შ.ა.-ს ნაწილობრივი ვიზუალური დათვალიერებაც, რა დროსაც აღმოჩენილი დაზიანებები აისახა შესაბამის ოქმში. 

ბრალდებულის სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებების შესახებ ინფორმაცია, ასევე, ფიქსირდება საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ მოპოვებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 და N8 დაწესებულებებში შედგენილ დოკუმენტებში.

საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს მთავარ პროკურატურას შ.ა.-ს მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს და აწარმოოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ; დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა შ.ა.–ს სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა საგამოძიებო ორგანოს, დროულად მოხდეს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერების ამოღება", - ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები