ეკონომიკური ზრდა

თურქმენეთი ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად მზარდ ქვეყნებში მეორე ადგილს იკავებს

uniglobeshreeaakashtravel.com

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2014 წელს თურქმენეთის ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა, რაც მსოფლიოს ქვეყნებს შორის ეთიოპიის შემდეგ მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი და კორუმპირებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ენერგომატარებლებით ვაჭრობას უკავშირდება. თურქმენეთს მსოფლიოში ბუნებრივი აირის მეოთხე უმსხვილესი მარაგი აქვს.

თურქმენეთის ეკონომიკური ზრდა მის მიერ ჩინეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას უკავშირდება. 2014 წელს ქვეყანამ 2010 წელს დასრულებული მილსადენის დატვირთვა 55 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდა. თურქმენეთი ახალი ბაზრების ათვისებაზეც მუშაობს, უკვე დაგეგმილია ტრანსავღანური მილსადენის აშენება, რომელიც ავღანეთის გავლით შუააზიურ ბუნებრივ აირს პაკისტანსა და ინდოეთს მიაწვდის. 

მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება:

1) ეთიოპია 10.34%

2) თურქმენეთი 10.32%

3) კონგო 9%

4) უზბეკეთი 8.1%

5) პალაუ 7.9% 

6) მონღოლეთი 7.8%

7) მიანმარი 7.7%

8) ლაოსი 7.43%

9) კოტ-დ'ივუარი 7.4%

10) დომინიკა 7.3%

ეკონომიკური ზრდის მიხედვით პირველ ადგილზე ეთიოპიაა. ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყანაში გასული ათწლეულის მანძილზე შობადობის ბუმი იყო, დღეისათვის ეთიოპიის მოსახლეობა 90 მილიონს აჭარბებს. ეთიოპიაში ეკონომიკის განვითარებას მთავრობის ყურადღება ვერ ექცეოდა, ქვეყანა საკუთარი ეკონომიკის განვითარებას პრაქტიკულად ეხლა იწყებს. მისი მოსახლეობის მესამედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ეთიოპიის ძირითად საექსპორტო საქონელს ყავა წარმოადგენს. გასულ წელს ქვეყნის ექსპორტი გაიზარდა და $3.16 მილიარდი შეადგინა, რაც საქართველოს ექსპორტს მხოლოდ $300 მილიონით აღემატება. 

რამდენიმე ქვეყანაში 2014 წელს უარყოფითი ეკონომიკური ზრდაც დაფიქსირდა. გასულ წელს ყველაზე მეტად ლაოსისა (-24%-ით) და უკრაინის (-6.8%-ით) ეკონომიკა შემცირდა.

კომენტარები